გიორგი ტყემალაძემ და რევაზ სოხაძემ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადასცეს
თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების კამპანიას აგრძელებს. დღეს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, რევაზ სოხაძემ თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
დეპუტატები ოჯახებს პირადად ესტუმრნენ და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. გიორგი ტყემალაძემ და რევაზ სოხაძემ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ კამპანია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„კორონავირუსის პრევენციის პერიოდში, მნიშვნელოვანია ისეთი ოჯახების დახმარება, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადავეცით, რომლებიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შეიძინა. საკრებულომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის კამპანია წამოიწყო, რომელიც კერძო სექტორის გვერდში დგომით წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ, ეტაპობრივად, ყველა იმ ოჯახში მივალთ, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამგორის რაიონის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის თქმით კი საყოველთაო კრიზისის დროს სოციალური პრობლემების მქონე მოსახლეობამ კერძო სექტორისა და ხელისუფლების მხრიდან თანადგომა უნდა იგრძნონ.
„დღეს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ შეძენილი ნობათი დავურიგე. მინდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის IRI-ის დიდი მადლობა გადავუხადო. მოგეხსენებათ, თბილისის საკრებულო მოსახლეობის დახმარების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული და მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.