„გმირობის ტოლფასია ის საქმე, რაც ბელა შალვაშვილმა აღასრულა“

1-ელი აპრილი პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდა. ბელა შალვაშვილს თარგმნილი აქვს დიდი ფირდოუსის „შაჰნამეს“ ყველა წიგნი (105 000 სტრიქონამდე). უნდა აღინიშნოს, რომ „შაჰნამე“ მთლიანად ნათარგმნი არ აქვს არცერთ ხალხს, გარდა ქართველებისა. ასეთი დიდი დამსახურება აქვს ბელა შალვაშვილს ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის წინაშე. 
ირანის მთავრობამ ბელა შალვაშვილი ფირდოუსის პრემიით დააჯილდოვა.
„ჩვენი ბელა“ – ბელა შალვაშვილს დაბადების დღეს ფეისბუქის გვერდზე ცნობილი ირანისტი, პოეტი და მთარგმნელი ნომად ბართაია ულოცავს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: 
„შაჰ-ნამედან“ ჩვენში ძირითადად გადმოვიდა ის საგმირო ამბები, რომლებიც მის მთავარ მოქმედ მითოლოგიურ გმირს – როსტომს – უკავშირდებოდა და პოემასაც ჩვენმა წინაპრებმა „როსტომიანი“ უწოდეს.
ადრე ტერმინი „თარგმანი“ თარგმნასთან ერთად გულისხმობდა ინტერპრეტაციას, გადმოტანას, მიბაძვა-გადაკეთებას. ჩვენს წინაპრებს სწორედ მიბაძვა-გადაკეთებისა და ვერსიების სახით გადმოუღიათ ამ პოემის მათთვის საინტერესო ნაწილები.
რაც შეეხება „შაჰ-ნამეს“ თარგმნას დღევანდელი გაგებით, ის ჩვენ თვალწინ დაიწყო, როცა მისი გარკვეული თავები თარგმნა ჯერ მაგალი თოდუამ, ხოლო შემდეგ, ალექსანდრე ელერდაშვილმა. ეს 120 ათასტაეპიანი პოემა კი მთლიანად თარგმნა ბელა შალვაშვილმა, რომელიც ოცდაათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა მასზე და გზადაგზა გამოსცემდა წიგნებად მის ცალკეულ ნაწილებს.
ახლა კი ხელთა გვაქვს მშობლიურ ენაზე მსოფლიო კლასიკური პოეზიის ერთ-ერთი მშვენების „შაჰ-ნამეს“ სრული ქართული პოეტური თარგმანი, რომელიც გამოქვეყნებას ელოდება.
„შაჰ-ნამე“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. ამა თუ იმ ენაზე მას ჰყავს რამდენიმე მთარგმნელი, რადგან ერთი კაცისთვის ამ საქმის შესრულება უმძიმესი რამ არის.
ბელა შალვაშვილმა კი შეძლო მისი სრულად თარგმნა, თავისი ჰაეროვანი, პოეტური ტკბილქართულით, ბელა ხომ შესანიშნავი პოეტია.
გმირობის ტოლფასია ის საქმე, რაც ბელა შალვაშვილმა აღასრულა, მით უფრო, ასთმით დაავადებულმა ადამიანმა, რომელსაც მასზე მუშაობისას გასული საუკუნის საშინელ 90-იან წლებში, ლუკმა-პურთან ერთად, ჰაერიც კი არ ჰყოფნიდა.
ბელას ხუმრობით უთქვამს: „შაჰ-ნამე“ ასთმამ მათარგმნინა, ღამე არ მეძინებოდა და, აბა, რა მექნაო!
ერთხელაც ბელამ დამირეკა:
– ნომად, მე ძალიან ცუდად ვარ, მეტი აღარ შემიძლია, ცოტაღა დამრჩა სათარგმნელად „შაჰ-ნამე“, მაგრამ ვხედავ, ბოლომდე ვერ მივიყვან ამ საქმეს, მინდა შენ გააგრძელოო იგი.
– ჩემო ბელა, ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ, შენი გულისთვის, რომ იტყვიან, წყალში ჩავდგები, მაგრამ ამ საქმეში ჩემი იმედი არ გქონდეს, შენი დაწყებული საქმე ბოლომდე შენვე უნდა მიიყვანო-მეთქი.
ბელასაც ისღა დარჩენოდა, გაჰყოლოდა უთანასწორო ბრძოლას უჰაერობასა და ამ უზარმაზარ პოემასთან ჭიდილში და ბოლომდე მიეყვანა სამი ათეული წლის წინ დაწყებული საქმე.
დღეს ჩვენი ბელა 80 წლის გახდა. მას წლები არ ემატება, შინაგანად ბავშვივით სუფთად არის დარჩენილი. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, – წერს ნომად ბართაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები