კორონავირუსით ინფიცირებული გალელი ქალის 7 კონტაქტი ანაკლიაში გადის კარანტინს

აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის 7 კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,   სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა.  ისინი ანაკლიაში არსებულ საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებულები. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს.

“ეს ადამიანები არიან ის პირები, ვისაც ამ ქალბატონთან ჰქონდა კონტაქტი, სანამ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა”, – განმარტა მოწერელიამ.

ცნობისთვის, ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 81 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაში 224 მოქალაქე იმყოფება, 496 ადამიანს კი თვითიზოლაცის ვადა ამოეწურათ.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 22 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები