“საქართველოს ფოსტა” სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიაწვდის

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს.

გლუკომეტრის ტესტჩხირებთან ერთად საქართველოში დამზადებული პირბადეებიც დარიგდა, რომელთა დამზადებაც მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, რეკორდულად მოკლე დროში აეწყო და დღეს მათ არაერთი საჯარო მოხელე იყენებს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რეგულარული და ყოველდღიური შეხება აქვთ სხვადასხვა რისკ-ჯგუფებთან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან და მათთვის მედიკამენტები ან მთავრობის პროგრამებით მათთვის განკუთვნილი სხვა პროდუქცია მიაქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები