ოკუპირებულ აფხაზეთში, გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლის აკრძალვის რეჟიმი ამოქმედდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 მარტის 21:00 საათიდან გალსა და ოჩამჩირეს შორის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი ამოქმედდა.

შესაბამის დავალება დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ე.წ. შს სამინისტროს მისცა.

დღეს კი იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ გახდება ცნობილი, რომელსაც გალის რაიონში გაატარებენ.

აღნიშნული ზომა მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გალში მცხოვრებ შუა ხნის ქალს ნინო ხ-ს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

როგორც გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, ომარ ბგანბამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების შემდეგ, რაიონში ღამემ მშვიდად ჩაიარა – ხალხს, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, სახლების დატოვება არ უნდათ. პანიკა არ აღინიშნება.

ამჟამად გალის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ ე.წ. თანამდებობის პირებს, ე.წ.მესაზღვრეებსა და ე.წ საკოორდინაციო შტაბის წევრებს, ასევე, ატარებენ სპეცტექნიკას, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სახანძროს.

გალიდან გასასვლელში ე.წ. სტაციონალური პუნქტი, “არხი” ამოქმედდა, სადაც ყველა პირს ტემპერატურას უზომავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები