ოკუპირებულ აფხაზეთში იმ ქალის კონტაქტებს ადგენენ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ამჟამად ზუგდიდში მკურნალობს
ოკუპირებულ აფხაზეთში იმ ქალის კონტაქტებს ადგენენ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ამაჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ამის შესახებ ე.წ პარლამენტის დეპუტატმა, ალხას ჯინჯოლიამ განაცხადა.
“ტარდება ღონისძიებები კარანტინში იმ პირების მოთავსების მიზნით, რომლებიც ამ ქალთან იმყოფებოდნენ კონტაქტში”, – აღნიშნა ჯინჯოლიამ.
29 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გალიდან მოთავსებული შუახნის ქალს, რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ცხელება და ხველა. 30 მარტს კი მას COVID-19 დაუდასტურდა.
როგორც გვიან ღამით ე.წ. რესპუბლიკის მთავარმა სანიტარმა, ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, ყველა ის პირი, რომელიც 29 მარტს საქართველო რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის გამშვებ პუნქტზე “ფსოუზე” მორიგეობდა, თვითიზოლაციაშია გადასული.
გარდა ამისა, სკორიკის თქმით, ქალის ყველა ნათესავი მკაცრ საკარანტინო ზონაში იქნება მოთავსებული.
მისი თქმით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალს ფსოუზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რადგან ყველა შემომსვლელი მოწმდება.