“აფხაზეთში იმართება ქორწილები, ქელეხები, საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს არ ასრულებენ”

“ოკუპირებულ აფხაზეთში ნამდვილად ძალიან რთული მდგომარეობაა, მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაპანიკებულია”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც გამახარიამ აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს არ იცავენ. იმართება ქორწილები და ქელეხები. მისი თქმით, მოსახლეობა ვირუსის შესახებ ინფორმირებული არაა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ნამდვილად არის ძალიან რთული მდგომარეობა. მოსახლეობა დაპანიკებულია. საქმე ისაა,  რომ, მიუხედავად საგანგებო მდგომაროების გამოცხადებისა, მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია იმით, რომ, ფაქტობრივად, არ სრულდება ის მოთხოვნები, რომლებსაც ითვალისწინებს ეს საგანგებო რეჟიმი, ტარდება ქორწილები, ქელეხები. სოციალურ ქსელებში ქორწილების ვიდეომასალები ვრცელდება, არის ცეკვა, სიმღერა, ტაშ-ფანდური. ხუმრობენ – ასე ვებრძვით კორონავირუსსო. ერთი სიტყვით, ეს ძალიან შემაშფთებელია. ყოველივე ამან შესაძლოა, იქ ეპიდემიის აფეთქებას შეუწყოს ხელი. ეს გახლავთ იქაური ექიმების მოსაზრება.
მოსახლეობა სათანადოდ არაა ინფორმირებული. სწორედ ამიტომ ატარბენ ქორწილებს, ქელეხებს. კარანტინს არავინ იცავს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც არსებობს, ესაა პროდუქტების პრობლემა, რომელიც მალე, ალბათ, გამოილევა. ფსოუზე საზღვარი კიდევ უფრო გამკაცრებულია და უკიდურესად შეზღუდულია იქ მოძრაობა, აქეთ ადმინისტარაციული საზღვარი რუხთან დიდი ხანია ჩაკეტილია. მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია იმით, რომ იქ შიმშილობის პრობლემა შეიქმნება“- განაცხადა გამახარიამ.
როგორც ჯემალ გამახარიამ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აფხაზებს რუსეთის დახმარების იმედი არ აქვთ და მათთვის ერთდაერთი ხსნა საქართველოა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში თუ დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა, დაინფიცირებული ადამიანები თუ აღმოჩნდნენ, არავინაა იქ მათი მკურნალი . მინდა, გითხრათ, რომ რუხში კლინიკის გახსნას ბევრი აფხაზი გამოეხმაურა დადებითად, რამაც სეპარატისტულად განწყობილი პირების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. აფხაზებმა იციან, რომ ადგილზე სამედიცინო დახმარებას ვერავინ აღმოუჩენს. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა გალის რაიონში. იქეთ თუ რამე კეთდება –  სოხუმის, ოჩამჩირის, გუდაუთის მოსახლეობისთვის, მაგრამ გალი საერთოდ მიტოვებულია.
გუშინ გადმოიყვანეს ავადმყოფი გალის რაიონიდან. დღეს მთელი ოფიციალური სტრუქტურები სოხუმში ამტკიცებენ, რომ ეს არასწორი ინფორამციაა, რომ არავის გადაუკვეთავს ის ე.წ. საზღვარი. მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
საკმაოდ რთული ვითარებაა. რუსეთის იმედი არ აქვთ, რამდენადაც გაკეთდა განცხადება, რომ თუ იქ ვინმეს დაუდასტურდა ვირუსი, ადგილზე უნდა ჩატარდეს მკურნალობა, არავინ გადაიყვანს მათ ფსოუს იქით. ერთადერთი, კრანსოდარშია რაღაც ლაბორატორია და შეიძლება, დიაგნოსტიკაში დაეხმარონ, მკურნალობის შესაძლებლობა არა არის. ერთადერთი ხნა არის საქარველო. რუხის კლინიკა, რომელიც გაიხსნა და რომელიც ძალიან ეიმედებათ აფხაზებს და ქართველებს, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრებენ“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან, 50 წლამდე ქალი მოათავსეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტის პასუხები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები