სოფელ შილდაში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცენტრალური გზის მოასფალტების მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 814 400 ლარს შეადგენს, 1483 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება აუცილებელია შილდის მოსახლეობისთვის, რადგან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და კომფორტულს გახდის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.
მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ ჩერდება და სამუშაო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს.
“ჩვენს მოქალაქეებს მინდა, მოვუწოდო, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები. გვინდა, თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ, დარჩით სახლში! ნუ გამოხვალთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან! ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას”, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.