ირმა ინაშვილი: მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ცეცხლი გაიხსნა, რომლის მიზანიც ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების – ექიმების დემორალიზებაა
“კარგად ჩანს, რომ მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ცეცხლი გაიხსნა “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” მიმართულებით, რაც თავისთავად დიდი მავნებლობაა და ამას წინ უნდა აღვუდგეთ ყველა, ვისთვისაც ნათელია, რა და რატომ ხდება. ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების- ექიმების დემორალიზება, – აი, ეს არის მიზანი”,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსების კომპეტენცია არაა არც დაავადებათა დიაგნოსტიკა, არც მკურნალობა და არც სამედიცინო რეკომენდაციების შემუშავება.
“ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, რომ ვირუსოლოგიის თემაზე ლექცია წავუკითხო ან პაატა იმნაძეს, რომელიც უმაღლესი დონის პროფესიონალია და ან ამირან გამყრელიძეს, რომელსაც ბადალი არ ჰყავს ამ სფეროში. კარგად ჩანს, რომ მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ცეცხლი გაიხსნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართულებით, რაც თავისთავად დიდი მავნებლობა და ამას წინ უნდა აღვუდგეთ ყველა, ვისთვისაც ნათელია, რა და რატომ ხდება. ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების- ექიმების დემორალიზება, – აი, ეს არის მიზანი.
პოლიტიკოსების ფუნქცია და კომპეტენცია არაა არც დაავადებათა დიაგნოსტიკა, არც მკურნალობა და არც სამედიცინო რეკომენდაციების შემუშავება. ჯანდაცვის პოლიტიკაზე ისაუბრონ, თუ მაინც და მაინც საკუთარი “ცოდნის” ჩვენთვის გაზიარება უნდათ და არა იმაზე, რა ტიპის ტესტირება უნდა მოვახდინოთ: დაჩქარებული, სწრაფი თუ კომბინირებული, როგორი მეთოდით უნდა ვუმკურნალოთ დაავადებულებს, რა მედიკამენტები უნდა გამოვუწეროთ, როგორი დოზირებით და ა. შ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პოლიტიკოსების ნაწილი პროფესიით ვირუსოლოგია ან ეპიდემიოლოგი. არა ხართ ამ სფეროში აკადემიკოსები და არც დოცენტები და ამ რთულ ვითარებაში ცოტა ზომიერებას თუ გამოიჩენთ, ძალზედ დაგვავალებთ ყველას.
საზოგადოება ენდობა პაატა იმნაძესაც და ამირან გამყრელიძესაც და ვაცადოთ პროფესიონალებს ჩვენი დახმარება. უბრალოდ, მივენდოთ და ვაცადოთ.
ნუ გავუბურღავთ ტვინს და ნუ დავაწყვიტავთ ნერვებს.
ახლა თავად პაატა იმნაძეს და ამირან გამყრელიძეს ვეუბნები: ბატონებო, არავითარი ვალი არა გაქვთ არც სააკაშვილის, არც ბოკერიას და არც მათთან დაკავშირებული პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ დროს ხარჯავდეთ მათთან უსაგნო დისკუსიაზე. თქვენი სამსახურების უფროსებს ნუ დატვირთავთ იმ კითხვარების შევსებით, რაც დროში გადასარევად მოითმენს. ნუ მოწყდებით თქვენს საქმეს, ვიმეორებ, არა ხართ არავის წინაშე ვალდებული, გარდა ქართველი ხალხისა და ეს ხალხი თქვენი მოკავშირეა დღეს. ნუ ანიჭებთ მნიშვნელობას არარაობებს, რომლებმაც თავის დროზე მედიცინაც მოკლეს ქვეყანაში, მეცნიერებაც და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, უდანაშაულო ადამიანებიც.
ასევე, კარგი იქნება, თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გადავა სისტემატური საგანგებო ბრიფინგების რეჟიმზე (თავის სივრცეში) და ცენტრის ლიდერები ამ ეტაპზე უარს იტყვიან ინდივიდუალურ ტელეგამოსვლებზე“,- წერს ირმა ინაშვილი.