აჭარაში Covid19-ის მართვაში “მედალფას” კლინიკაც ერთვება
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, Covid19-ის მართვაში ,,მედალფას“ კლინიკაც ერთვება. სამედიცინო დაწესებულება ერთდროულად 54 პაციენტს მოემსახურება.
ამ დროისთვის, “მედალფაში“ კორონავირუსზე 4 პაციენტი მკურნალობს, ისინი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან არიან გადაყვანილები.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი საეჭვო სიმპტომებით კარანტინიდან 6 პირი გადაიყვანეს. მათი ანალიზის პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის, ბათუმში კორონავირუსი 7 პაციენტს აქვს დადასტურებული. საკარანტინე ზონაში კი 1800-მდე პირია მოთავსებული.
შეგახსენებთ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 85 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 14 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4641 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პირი რჩება.