ჩხოროწყუში ხაბუმეს მე-3 საჯარო სკოლის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
“სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე, გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა, რის გამოც მოხდა ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი და სასწავლო პროცესი ნაქირავებ კერძო სახლში მიმდინარეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აქ 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაც.
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი, ასევე, ავტოსადგომი.
ასევე, გათვალისწინებულია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სასკოლო ავტობუსი მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები