შალვა პაპუაშვილი: დიასპორა სულ უფრო მეტად გახდება სამიზნე, რომ მათი გამოყენებით, საქართველოს ხელისუფლებაში უცხო ძალებზე დაქვემდებარებული ძალები მოიყვანონ, ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს წესი

,,დიასპორა სულ უფრო მეტად გახდება სამიზნე უცხო ძალებისა, რომ მათი გამოყენებით, საქართველოში უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყვანონ და ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს ეს წესი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები, მათ შორის ემსახურება დიასპორის უფლებების დაცვას და მათი წნეხისგან გათავისუფლებას.

„საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციაში, სადაც საქართველოს სახელმწიფო მათ ვერ იცავს, მათ შორის შეზღუდული აქვს დაცვის შესაძლებლობა საარჩევნო უფლების მხრივ. სულ უფრო მეტად იმატებს მსოფლიოში სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები. ამაზე საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატებშიც, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშიც, რომ ერევიან მათ არჩევნებში. ეს უპირველესყოვლისა ჩვენ ვნახეთ 2024 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნებში უხეშად, პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერივნენ, იმისთვის რომ დაედოთ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი. მათ შორის ევროკავშირის ელჩი ჩაერთო ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიაში, მიტინგებს მართავდნენ უცხო მინისტრები ქვეყნების აქ, და ახლა როგორ ვანდოთ მათ, რომ მათ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებზე არ იქნება ზეწოლა, გავლენა, იმისთვის რომ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დაიდოს. ამის ფაქტები არის, მათ შორის: ბატონი, როთი რომელიც გახლდათ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი, 2024 წლის არჩევნების წინ პირადად იყო ჩართული ბერლინში ამომრჩევლების მობილიზება-ზეწოლაში. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება, ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიოს ხელისუფლების წარმომადგენელს. ჩართული ჰყავდათ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ასე შემდეგ. დიასპორა დააპირისპირეს დიასპორას და ჩვენ ვნახეთ ფაქტები ამერიკის შეერთებული შტატებში, გერმანიაში სხვა ქვეყნებში, სადაც დიასპორისვე წარმომადგენლები ემუქრებოდნენ მათ, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, რომ ჩაუშვებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვა უწყებებში რომ მომხდარიყო მათი დეპორტაცია. ასეთი საჯარო განცხადებაც იყო, სადაც ვნახეთ, რომ ერთ-ერთი ქართველი იმუქრება, რომ არჩევნები ჩაივლის და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე ინფორმაცია მიეწოდება ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. ასეთი მდგომარეობა იყო 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც დიასპორის წარმომადგენლების ზოგიერთი ნაწილი წააქეზეს საკუთარივე თანამემამულეების წინააღმდეგ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტებში თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებში შავი სიები გაეგზავნათ იმ ქართველებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეიძლება შემდეგ რაიმე ხინჯი მოენახათ მათი ყოფნის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით და დეპორტაცია მოეხდინათ. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ეფექტიანი ინსტრუმენტები გვქონდეს უცხო ქვეყნებში, ამიტომ იმისათვის, რომ მათ შორის დიასპორა იყოს დაცული წნეხისგან, ზეწოლისგან ვინაიდან ისინი სულ უფრო მეტად და მეტად გახდებიან სამიზნე უცხო ძალებისა, რომ მათი გამოყენებით, საქართველოში უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყვანონ [ხელისუფლებაში], ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს წესი, რომელიც მოქმედებს ზუსტად იმ ქვეყნებში, სხვათა შორის სადაც ჰყავთ ძლიერი დიასპორა. ეს ცვლილებები ემსახურება მათ შორის დიასპორის უფლებების დაცვას და მათგან წნეხის მოხსნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები