მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს
ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. ამის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
“ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა.
ასევე, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო – შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა.
ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახურთან“ ერთად. ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ პროექტის პირობები და პროცედურები გააცნეს. იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი პროექტი დროული და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერაა, რაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს
შეხვედრას 30-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ვებგვერდზე: www.arda.gov.ge. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე 15 01.