ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამერიკიდინააა ჩამოსული, რთული არ არის
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამერიკიდინააა ჩამოსული, რთული არ არის.
მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა სუნთქვის უკმარისობა არ აღენიშნება.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტია, ამ პაციენტების ძირითადი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოგეხსენებათ, რომ გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიაგნოსტირებული იქნა პირველი კოვიდინფექცია, ეს გახლავთ მამაკაცი, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან, ანუ ამერიკის კლასტერიდან არის. ჩამოსვლისთანავე თვითიზოლაციაში იყო, მერე წამოვიდა ტემპერატურა და ამის გამო მომართა კლინიკას. სახლში 2-3 დღის განმავლობაში იყო, უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არ არის რთული, აქვს პნევმონია, დღეს კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურდა, რომ ეს პნევმონია ორმხრივია. თუმცა, სუნთქვის კომპონენტი გაუარესებული არ არის. პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ არის, თუმცა, ბოქსირებულ პალატაშია, სადაც საღამოს 5-6 საათამდე გვეყოლება და შემდეგ პაციენტს გადაიყვანენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო მზადდება იმისათვის, რომ ცენტრალური საავადმყოფო იყოს. ამიტომაც ჩვენი ვალია, პაციენტები მივიღოთ, დავაკვალიანოთ, გავტესტოთ და, საჭიროების შემთხვევაში, გავგზავნოთ სხვადასხვა ჰოსპიტალში, გააჩნია, რა ჩვენება იქნება მათი ტრანსპორტირების”, – განაცხადა გოფოძემ.