“4300 ოჯახში ჩატარდა კვლევა” – რა ვითარებაა მარნეულში ამ დროისთვის

მარნეულში 20 000-მდე ადამიანი შემოწმდა, მათგან მხოლოდ 25-ს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საეჭვოა და ისინი საველე ჰოსსპიტალში მოთავსდებიან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა შემოწმებები აქტიურად გრძელდება.

“გრძელდება ჩვენი აქტივობები. რაც შეეხება მარნეულში და ბოლნისში ექიმთა ჩართულობით შემოწმებებს. ბოლო ინფორმაციით 25-ს ჰქონდა დაბალი ტემპერატურა, თუმცა მათ უმეტესობას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. მათგან ორი არის საყურადღებო, იმიტომ რომ დაბალ სიცხესთან ერთად გარკვეული სიმპტომებია. ეს ადამიანები არ ყოფილან მარნეულიდან გადაყვანილ ქალბატონთან კონტაქტში. ორივე მათგანს გადავიყვანთ საველე ჰოსპიტალში, აღებული იქნება ნაცხები და დაველოდებით მათ პასუხს”, – ამბობს ქვემო ქართლის რწმუნებული.

მისივე თქმით, ორივე მუნიციპალიტეტი – მარნეული და ბოლნისი მარაგდება და საშიშროება იმისა, რომ პროდუქტზე დეფიციტი შეიქმნას, არ არსებობს. შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მათ პანიკის საფუძველი არ აქვთ, რადგან სახელმწიფო პროფესიონალ მედ-პერსონალთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მარნეულის მერი ზაურ დარგალი კი ამბობს, რომ სურსათის დარიგება დილიდან დაიწყო და ამ პროცესში მოხალისეთა 35 ჯგუფია ჩართული. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის პროდუქტის დარიგება აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც.

„დღეს უკვე 4300 ოჯახში ჩატარდა კვლევა. დაახლოებით, ოციათასი მოქალაქე შევამოწმეთ და მხოლოდ 25 ადამიანს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურია, საეჭვო მხოლოდ ორი იყო და მათზე რეაგირება მოხდა. დილიდან ვარიგებთ სურსათებს და ეს პროცესიც გაგრძელდება აქტიურად. მოხალისეებიც ჩართულები არიან, 35 ჯგუფი მუშაობს სოფლებში. ყველა ოჯახში შევდივართ და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება ტალონებ ამ ინფორმაციას ვიგებთ რწმუნებულისგან და ვისაც არ შეუძლია გადაადგილება, ვურიგებთ ტალონებს”, – განაცხადა ზაურ დარგალმა

ცნობისთვის, მარნეულელ ქალს კორონავირუსი 22 მარტს დაუდგინდა. ამ დროისთვის ის თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ვინაიდან პაციენტს საავადმყოფოში მოხვედრამდე საკმაოდ ბევრ ხალხთან ჰქონდა შეხება, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მუნიციპალიტეტები ჩაკეტა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები