გურიაში რეგიონულმა საკოორდინაციო საბჭომ მაღაზიების, რესტორნებისა და სილამაზის სალონების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გურიაში რეგიონულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიკეტოს მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონები. რეგიონში მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მქონე დაწესებულებები – სასურსათო სუპერმარკეტები და მაღაზიები, საცხობები, ბანკები და აფთიაქები ფუნქციონირებს.
სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაია ამ ნაბიჯს კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.
“ჩვენ რეკომენდაციები გუშინ გავეცით დღის მეორე ნახევარში მაღაზიების დაკეტვასთან დაკავშირებით. ნაწილი მაღაზიებისა გუშინვე დაიკეტა, ნაწილი დღეს დაიხურა. ჩართულია ყველა სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ამ რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოში, მათ შორის, მუნიციპალური სამსახურები. ზედამხედველობის სამსახურები და ყველა ის ორგანო, რომელიც აუცილებელია, რომ მონაწილეობდეს ამ პროცესში. იყო შემთხვევები, როდესაც თავს იკავებდნენ მაღაზიები დაკეტვისგან, თუმცა როდესაც მათ აუხსნეს და განუმარტეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ოჯახის ჯანმრთელობისთვის ეს პროცესი, დაგვემორჩილნენ და დაკეტეს მაღაზიები”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ზურაბ ნასარაიამ.
“რეგიონული კვირა” ოზურგეთში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, უკვე დაკეტილია ქალაქის უნივერმაღი, ტანსაცმლის, პარფიუმერიის, საიუვილერო მაღაზიები, სამშენებლო მასალების, თუ ავეჯის მაღაზიები.
სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება რთული იქნება, თუმცა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მისი თქმით, ეს სწორი ნაბიჯია,
“გუშინ გამოგვიცხადეს ამ მდგომარეობის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე დავემორჩილეთ ამ მითითებას. რთულია, ჩვენი ბიზნესისთვისაც ცუდი იქნება და მძიმე დარტყმა, ეს პერიოდი, თუმცა მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში სწორი ქმედებაა. მთავარია ჯანმრთელობა და ის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს”, – აღნიშნავს მცირე ბიზნესის მეპატრონე.
მაღაზიებისა და სხვადასხვა ობიექტის მფლობელებს განემარტათ, რომ მათი ეს მდგომარეობა პირველ აპრილამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის მასშაბით უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი. ასევე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაიცა რეკომენდაცია და დაიხურა სპორტ დარბაზები, ფიტნესცენტრები და სპა სალონები. დედაქალაქში დროებით შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.