მამა შალვა კეკელია: არასდროს დასმულა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზიარებიდან შეიძლებოდა, ადამიანს რამე სენი გადასდებოდა

“არასდროს დასმულა კითხვა იმასთან დკავშირებით, რომ ზიარებიდან შეიძლებოდა, ადამიანს რამე სენი გადასდებოდა”, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

მამა შალვამ ერთი კოვზით ზიარების საკითხის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიას არადროს დაუსვამს კითხვა იმის შესახებ, რომ ზიარებიდან შეიძლება, ადამიანს რაიმე სენი დაემართოს.

დეკანოზი მამა ალექსანდრე გალდავას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ზიარების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს.

„მნიშვნელოვანია არა ჩემი, არა მამა ალექსანდრე გალდავას შეხედულება, არამედ ის, თუ რას ამბობს ეკლესია ზიარებასთან დაკავშირებით. უმთავრესია, იოანე ოქროპირი როგორ საუბრობს ზიარებასთან დაკავშირებით, წმინდა იონე დამასკელი რას საუბრობს. საუკუნეების განმავლობაში, რაც ეკლესიაში არსებობს წესი ზიარებისა, არასდროს დასმულა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზიარებიდან შეიძლებოდა, ადამიანს რამე სენი გადასდებოდა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველა მამის აზრი. ეკლესიას არადროს დაუსვამს კითხვა იმის შესახებ, რომ ზიარებიდან შეიძლება, რამე სენი დაემართოს ადამიანს. დღეს ამაზე ლაპარაკი არის ურწმუნოებაზე საუბარი.
პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს ასეთ რამეს ეპისტოლეში: ზიარებას ვინც ურწმუნოდ მიეახლება, მისთვის ზიარება იქნება დამსჯელი. ადამიანს ზიარების დროს ეჭვი რომ გაუჩნდეს, შეიძლება, მართლა დაავადდეს“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ეკლესია ადამიანების რწმენის გაძლიერებას ემსახურება.

„ეკლესიამ ადამიანების რწმენა კი არ უნდა შეარყიოს, პირიქით, ეკლესია ვალდებულია, ადამიანებს რწმენა განუმტკიცოს. მაცხოვარი გვეუბნება ჩვენ: ეს არის ჩემი სისხლი, ჩემი ხორცი და თქვენ იღებთ ამას საცხონებლად, გადასარჩენად და საკურნებლად სულისა.

დღევანდელი ზიარების წესი 14 საუკუნეა, არსებობს. მაშინ წარმოიდგინეთ რას ვეუბნებით ადამიანებს, რომ ამდენ ხანს ვატყუებდით? ამდენი სენი იყო, ვირუსი, დაავადება, მაშინ ამდენ წელს ადამიანებს არ ვუფრთხილდებოდით?

ყველა უნდა დაფიქრდეს ამაზე. ამ ყველაფერმა, პირველ ყოვლისა, ჩვენი რწმენა, სარწმუნოება გამოსცადა. ვაფრთხილებ მრევლსაც, თუ შენ ეჭვი გეპარება, ჯობს, საერთოდ ნუ მოხვალ, წესი კი არ უნდა შეცვალოს ეკლესიამ ზიარებისა, შენ თუ იმდენი სარწმუნოება არ გაქვს, რომ ქრისტესთან მიდიხარ საზიარებლად, ჯობს, საერთოდ არ მოხვიდე ეკლესიაში, არ ეზიარო იმიტომ, რომ ეს სულის დამღუპველი იქნება.

ადამიანები ქრისტეს ეწირებოდნენ. მამა ალექსანდრე გალდავამ ასეთი რამ თქვა – დღეს გმირობის დრო არ არისო. რას ნიშნავს გმირობის დრო არ არის? ეს ცუდი ტერმინი იყო.

ხვალ ისეთი დღე დაგვიდგება, გვეტყვიან – „სკაიპით“ ჩაატარეთ წირვებიო . „სკაიპით“ როცა არ იყო, მაშინ რა უნდა ექნა ეკლესიას? ვირტუალურ ურიერთობაზე გადავიდეთ? მაშინ ეს საიდუმლო რაღა არის? ღმერთთან ურთიერთობა რაღა არის?”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ დეკანოზმა „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

“პირადად ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, არ არის თამაშის დრო, არც რაღაც გმირობის დამტკიცების დროა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად. ვფიქრობ, რომ, რასაკვირველია, წესი უნდა შეიცვალოს ზიარების გაცემისა. მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს: ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილია ადამიანისთვის და არა ადამიანი – წესისთვის. ამ შემთხვევაში, როცა ზიარებაზე ვლაპარაკობთ , წესი არის გაცემა, შინაარსი არის ზიარება. ზიარების მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს“, – განაცხადა დეკანოზმა.
ეკლესია არ აპირებს, ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვალოს. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

„რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით“- ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება.

„მღვდელმთავრები იმსჯელებენ ვირუსთან დაკავშირებულ გარემოებებზე“- განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები