ნათია თურნავა: 2000 საკარანტინო ადგილი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გავაორმაგოთ
“საქართველოს მასშტაბით 2000-ი საკარანტინო ადგილი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გავაორმაგოთ ეს რაოდენობა”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში, ფაბრიკა „აჭარა ტექსტილში“ ვიზიტისას განაცხადა.
“საკარანტინო სივრცეებისთვის დაკონტრაქტებული გვაქვს ათობით განთავსების ობიექტი,ასევე, სხვადასხვა ზომის სასტუმრო საქართველოს მთელი მასშტაბით და გვაქვს დაახლოებით 2000 საკარანტინო ადგილი. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გავაორმაგოთ ეს რაოდენობა, მათ შორის ნაწილი არის დაკავებული, ნაწილი ივსება. როდესაც, ჩვენ ვამბობთ რომ, ჩვენი თანამოქალაქეები პერიოდულად ჩამოსაყვანები არიან ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და ამას ემსახურება “აირზენა”, უნდა დავხვდეთ ამ თვითმფრინავებს და ამ მოქალაქეებს, გამზადებული თავისუფალი საკარანტინო სივრცეები, შესაბამისად ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა”,- აღნიშნა თურნავამ.
კითხვაზე, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი პირის საკარანტიონო სივრცეში განთავსება,ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ბიუჯეტიდან საკმარის თანხაა გამოყოფილი და იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხარჯებს არ უკავშირდება.
“სხვადასხვა თანხა ჯდება სხვადასხვა სასტუმროში, გააჩნია ასე ვთქვათ თვითღირებულებას, ყველა სასტუმრო იჩენს მაქსიმალურად სოციალურ პასუხისმგებლობას. არ გვაქვს საქმე განსაკუთრებით გაზრდილ თანხებთან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დღეს არის გადაწყობილი მთლიანად ამ ახალ პრიორიტეტებზე. მთავარი ჩვენი პრიორიტეტი არის მოსახლეობის დაცვა კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან, მთავარ აქცენტს ვაკეთებთ პრევენციაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით რაც იქნება საჭირო ყოველთვის გავიღებთ თანხებს ბიუჯეტიდან“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.