ლევან დავითაშვილი: ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანნი, ფასები სპეკულაციურად არ უნდა გაიზარდოს

“ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანნი, ფასები სპეკულაციურად არ უნდა გაიზარდოს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერმინისტრთან გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზა გაიწმინდება და ქვეყანაში შემოვა ჭარბი რაოდენობის პროდუქცია, რომელიც შეკვეთილია.

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშობს და კოორდინაციას ახორციელებს სურსათის მომწოდებელ ყველა რგოლთან, რათა ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო, ასევე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს და ამის შესახებ მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ხშირად მაინც ფიქსირდება პანიკურად გაზრდილი მოთხოვნა და  უკონტროლო შესყიდვები, რაც სუპერმარკეტებსა და საცალო ობიექტებში ზოგიერთი სახეობის ასაწონი ბურღულეულის მიწოდებაზე გარკვეული შეფერხების მიზეზი ხდება.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში მარაგები კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ გვაქვს; მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია, მშვიდად იყოს.

გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ პროდუქციის იმპორტი ხორციელდება. გვაქვს მცირე შეფერხება კლიმატური პირობების გამო -ერთი მხრივ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა გართულებულია, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშრუტებზე არის გარკვეული სირთულეები. ამ ეტაპზე ლარსზე დაახლოებით ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას გამომდინარე იქიდან, რომ ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხებები პანიკის საფუძველს ნამდვილად არ ქმნის. მოსახლეობას მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ფასები სპეკულაციურად არ უნდა გაიზარდოს.

“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი. ვითარება არ უნდა იყოსგამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. საზოგადოების პანიკა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზა გაიწმინდება და ქვეყანაში შემოვა ჭარბი რაოდენობის პროდუქცია, რომელიც შეკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ფასები. აქვე მინდა გითხრათ, ფასების სტაბილურობისთვის მუშავდება მექანიზმი, რომ იმპორტიორებისთვის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ ფინანსური და სავალუტო რისკები. ეს ეხება ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებს.

სამინისტრო, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა რგოლსა და ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან იმისათვის, რომ სურსათის და პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებაში რაიმე საფრთხე არ შეიქმნას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები