კობა გვენეტაძე: ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება
სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური სტაბილურობა ეროვნული ბანკის მანდატია და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას არაფერი დაემართოს.
გენეტაძის მოსაზრებით, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა კორონავირუსით გამოწვეულ უარყოფით ფინანსურ და ეკონომიკურ ეფექტებს აუცილებლად შეამცირებს.
„ჩვენი სამოქმედო გეგმა შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს. ვინაიდან საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, ამასთანავე, დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება“, – აცხადებს გვენეტაძე.
სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ღონისძიებები, რომლებიც უკვე გატარდა ეროვნული ბანკის მიერ და მომავალში გატარდება, იძლევა აბსოლუტურ რწმუნებას, რომ საბანკო სექტორს საფრთხე არ ემუქრება.