ბექა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას საკუთარი რეკომენდაციებით მიმართავს
„მისასალმებელია მთავრობის ნაბიჯები ვითარების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს პანდემია, ჩვენ უნდა გვქონდეს როგორც საშუალო ისე, გრძელვადიანი გეგმა კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალური და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც:
კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, პრევენციიდან გამოჯანმრთელებამდე უნდა დაფაროს სახელმწიფომ.
მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას სოციალური და ეკონომიკური შედეგების გასანეიტრალებლად.
უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლებაზე, რადგან გამოსახლებული ადამიანები აღმოჩნდებიან დიდი რისკის ქვეშ.
ყველა რისკჯგუფის ადამიანებს უნდა ჰყავდეთ მეურვე, რათა საკვებითა და მედიკამენტებით შეძლონ მათი მომარაგება მარტოხელა მოხუცების და სხვა რისკ ჯგუფის ადამიანების სახლიდან გაუსვლელად.
„მარტოხელა პენსიონრებისა და რისკ ჯგუფის ადამიანების დასახმარებლად მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სამსახური, სადაც ის ადამიანები დასაქმდებიან, ვინც შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო უმუშევრები დარჩნენ”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, სოციალური სერვისების მიმწოდებლები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი ჰიგიენის საშუალებებით.
ბანკებმა არა გადაავადონ არამედ, ჩამოწერონ ფიზიკურ პირებზე სესხები, სადაც მინიმუმ, ძირი თანხა უკვე დაფარულია.
უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობისა და რაოდენობის გაზრდა.
უნდა მოეწყოს მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობა, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
უნდა მოხდეს წარმოების ხელშეწყობა, რომელიც დაწყებული პირბადეებით, დამთავრებული სადეზინფექციო ხსნარებით დეფიციტს აღმოფხვრის.
დეპუტატის განცხადებით, ასევე უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება.
„რადგან ჩვენ დღეს ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება, რადგან პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება ყველა მიმართულებით. ეს უნდა დაფინანსდეს საგარეო ვალით, თუ სახელმწიფოს ამის რესურსი არ გააჩნია. ეს დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობას და სრულიად სამედიცინო პერსონალს გაწეული დაუღალავი, თავდაუზოგავი და მაღალპროფესიული მუშაობისთვის.