თენგიზ ფხალაძე: ვფიქრობ, საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას ორგანიზებულად შეხვდა

“ვფიქრობ, საქართველო ორგანიზებულად შეხვდა კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას და ამისთვის, როგორც ვიცი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ასევე, აუცილებელია, რომ მთავრობის ძალისხმევას საზოგადოებაც აჰყვეს და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებაზე არ გადავიტანოთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლა შედეგიანი იქნება და ვითარება კალაპოტში მალე ჩადგება.

“ეს არ არის პირველი პანდემია კაცობრიობის ისტორიაში, მეტიც, არ არის პირველი XXI საუკუნეშიც. არაერთი ასეთი თუ უფრო მძიმე, აგრესიული და ლეტალური ტალღა გადაიტანა უკვე მსოფლიომ. შედეგიც გაცილებით მძიმე იყო. რაც შეეხება ახალ კორონავირუსს – ვხედავთ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აღემატება ფატალურ შედეგს, გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას გაუმკლავდა ის სახელმწიფო, საიდანაც ეს დაიწყო. ამ ვირუსს ახასიათებს ძალიან სწრაფად გავრცელება, მაგრამ მაინც მგონია, გადაჭარბებული შიში იმან განაპირობა, რომ კორონავირუსზე ინფორმაცია იმაზე გვიან გავრცელდა, ვიდრე თავად ვირუსი – როგორც ამბობენ, ჩინეთის მთავრობამ, დაახლოებით, 2 თვით დააგვიანა ინფორმაციის გახმაურება. შესაბამისად, არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ მთელი მსოფლიო აღმოჩნდა მოუმზადებელი. არ არის გასაკვირი, რომ ვირუსმა იფეთქა იტალიაში, რადგან ეს ქვეყანა წლის ნებისმიერ დროს ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. იტალიიდან ევროპაში ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა, თუმცა მაინც მგონია, რომ პირველი შოკი უკვე გადალახულია. სხვადასხვა ქვეყანა უპრეცედენტო და მკაცრ ზომებს იღებს, მიმდინარეობს გამალებული მუშაობა ვაქცინისა თუ სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად. სადღაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სადღაც საზღვრები ჩაკეტეს… ეს შეიძლება ვიღაცას ზედმეტად ეჩვენება, მაგრამ ჯობს პრევენცია, რათა პროცესის მართვის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა შეგახსენოთ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის წინა კვირას, პანდემიის გამოცხადებამდე გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ საჭირო გახდებოდა პანდემიის გამოცხადება და იქვე დასძინა, ეს იქნება პირველი მართვადი პანდემიაო. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მისი მართვისთვის მზად არის. შესაბამისად, აპოკალიფსურ სცენარებს არ ველი, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ძალისხმევა შედეგიანი იქნება და ვითარება მალე ჩადგება კალაპოტში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმი, რასაც ჩვენთან ამ დღეებში ვხედავთ. უნდა ვახსენო ბატონები: ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ქალბატონი მარინა ეზუგბაია. მათთან ერთად ექიმები, სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღე ტელეეკრანზე არ ჩანან, მაგრამ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება იოლად გადაიტანოს სახელმწიფომ. დიდი მადლობა მათ ამისთვის.

ვფიქრობ, საქართველო ორგანიზებულად შეხვდა ამ გამოწვევას და ამისთვის, როგორც ვიცი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუმცა თავიც არ უნდა დავიმშვიდოთ. საქართველო პრობლემას იზოლირებულად ვერ შეებრძოლება, ამიტომ უნდა მივიღოთ ყველა ის ზომა, რაც ამ პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობის ძალისხმევას საზოგადოებაც აჰყვეს და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებაზე არ გადავიტანოთ. მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ. გასაგებია, რომ კერძო სექტორს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ უნდა არსებობდეს მოქალაქეობრივი სოლიდარობა, ანუ ეს მძიმე პერიოდი არ შეიძლება ვინმემ გამოიყენოს ბიზნესში გაათმაგებული მოგების მისაღებად. უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია არა მხოლოდ სუფრასთან სადღეგრძელოებით, არამედ მაშინაც, როდესაც მართლა გვიჭირს. სოციალური პასუხისმგებლობა უპირველესად ეკისრებათ კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს. გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაუდევრობით თუ ამპარტავნობით დარღვეულმა თვითიზოლაციის წესმა, შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას სხვას. არ შეიძლება პირველადი მოთხოვნის საგნებზე ასე კატასტროფულად იზრდებოდეს ფასი. როდესაც მთელ მსოფლიოში ასე თვალსაჩინოდ ეცემა ნავთობის ფასი, არ შეიძლება ეს არ აისახოს ქართულ ბაზარზე. არსებობს რაღაც, გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული ბიზნესი ან კონკრეტული კორპორაციული ინტერესია და ამას საზოგადოებრივი სოლიდარობა ჰქვია.­ სოლიდარობის­ განცდა ნამდვილად სჭირდება სახელმწიფოს, გვჭირდება ჩვენ. დღეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მთავრობას საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება”, – განაცხადა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები