„რამდენიმე ნახატის სიუჟეტი სიზმარში ვნახე“ – ფერებით გამორჩეული აქსესუარები, რომლებიც არ მეორდება

ბავშვობიდან ხატავს, სამხატვრო აკადემიაში სწავლის სურვილი სულ ჰქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქიმიის სიყვარულმა გადასძალა და ფარმაციის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
6 წელი სწავლობდა სამედიცინო უნივერსიტეტში. ამბობს, რომ ეს პროფესია ეხმარება საკუთარი ოცნებების ახდენაში. პარალელურად ამზადებს ხელნაკეთ აქსესუარებს და ქსოვ ჩანთებს. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვასაც აპირებს. – ფარმაცევტისა და ხელოვანის, ანა ყელბერაშვილის პერსონა.

– ბავშვობაში საკმაოდ ჩაკეტილი ვიყავი, ჩემს შექმნილ სამყაროში ვცხოვრობდი. მიყვარდა ხატვა, თუმცა მშობლები სახლში საღებავებით ხატვას მიშლიდნენ.
ერთ დღეს ვიცოდი, რომ ორივე სახლიდან მთელი დღით იქნებოდა გასული, დრო ვიხელთე და მოვამზადე საღებავები დასახატად. უცებ ერთ-ერთი გადაყირავდა და სავარძელი ცისფრად შეიღება.
გასაწმენდად რომ ავდექი, დედაჩემი მადგა თავზე, თურმე სახლში რაღაც დარჩენია და უკან მობრუნებულა. მაგ დღეს დავისაჯე.
– პირველი ნახატები?
– ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. დაახლოებით სამი წლის ასაკიდან ვხატავ, ბებია აგროვებდა ჩემს ნახატებს, უფრო ხშირად ცხოველებს ვხატავდი. კარგად მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, როდესაც ხატვის მასწავლებელმა თავისუფალი თემაზე მოგვცა დავალება. რამდენიმე ფერადი თუთიყუში დავუხატე. იმ პერიოდში სკოლაში მაქსიმალური ნიშანი 5 იყო, თუმცა მასწავლებელს ისე მოეწონა ნახატი, 7 დამიწერა.
– რით იყო სკოლის პერიოდი გამორჩეული?
– სკოლის პერიოდი დიდად გამორჩეული არ ყოფილა. ჩემთვის სწავლით დატვირთული 11 წელი იყო. ხატვას, სამწუხაროდ, მხოლოდ დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, მათი დასრულების შემდეგ ქიმიამ გამიტაცა.

საბავშვო გაზეთი

ქიმია განსაკუთრებით მიყვარდა. რადგან მხატვრის პროფესიით ჩემი თავის რჩენას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი, გადავწყვიტე, ქიმიის სიყვარულით სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და სწავლის დასრულების შემდეგ სწრაფადვე დამეწყო მუშაობა.
– როგორ ერთგულებდით ხატვას და მომავალ სპეციალობას – ფარმაცევტობას?
– სიმართლე გითხრათ, სამედიცინოში სწავლის პერიოდში თითქმის ვერ ვუთმობდი ხატვას დროს. ვინაიდან სამედიცინოში სწავლა მარტივი არაა.  სწავლას სრულ დროს ვუთმობდი იმ იმედით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ვიმუშავებდი ჩემთვის საინტერესო სამსახურში, სადაც ხატვის შეთავსებასაც შევძლებდი.
– არ ნანობთ, რომ სამხატვრო აკადემიაში არ შეხვედით?
– არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. ახლაც რომ ვაბარებდე, ისევ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. 10 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში საბავშვო გაზეთიდან მოვიდნენ და ინტერვიუ აიღეს ჩემგან. ამ ასაკშიც იგივე ვუპასუხე: „მიყვარს ხატვა, მაგრამ მინდა ქიმიკოსი გავხდე“ . ფარმაციის სფერო ფინანსურად მეხმარება ოცნებების ახდენაში (მოგეხსენებათ, იაფი არაა სამხატვრო ნივთები). სამსახურის საათების შემდეგ და შაბათ-კვირას მაქვს საკმარისი დრო ნახატების შესაქმნელად.
– აკეთებთ სამკაულებს და ქსოვთ ჩანთებს…
– სამკაულების კეთება სკოლის პერიოდიდან დავიწყე და ამ ეტაპისთვის ასობით სამკაული დავამზადე. ჩანთებს რაც შეეხება, რამდენიმე წლის წინ დავიწყე ქსოვა. ამ ეტაპისთვის მათი უმეტესი ნაწილი გაჩუქებულია ან გაყიდულია. ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე შევქმენი გვერდი (colorino21), სადაც განვათავსე ჩემი ხელნაკეთი ნივთების სურათები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამსახურის საათების შემდეგ და შაბათ-კვირას ვახერებ დროის გამონახვას.
– ფარმაცევტი-ხელოვანი ხართ…
– ფარმაცევტის პროფესია ძალიან მომწონს, თუმცა სიყვარულით ხელოვნება მიყვარს, ეს ის საქმეა, რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო.
– იდეალური ფარმაცევტი?
ფარმაციის სფერო ბევრ პროფესიას მოიცავს და ყველა ერთ საქმეს ემსახურება – მოსახლეობისთვის ხარისხიანი პრეპარატების მიწოდებას. ყველა ფარმაცევტი უნდა ზრუნავდეს პროდუქციის ხარისხზე და, შესაბამისად, პაციენტების ჯანმრთელობაზე.
– ჰობი…
– ზემოაღნიშნული საქმიანობის გარდა, ძალიან მიყვარს კითხვაც. ბოლო პერიოდში მხატვრულ ლიტერატურას ნაკლებად ვეცნობი, უფრო მეტად, ხელოვნების ისტორია და კონკრეტული მხატვრების შემოქმედება მაინტერესებს.
– თქვენ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებიდან რომელი გიყვართ უფრო მეტად?
– განსაკუთრებით ერთი ყელსაბამი მიყვარს, რადგან მის გაკეთებაში დიდი ენერგია ჩავდე – პატარ-პატარა დეტალისგან შექმნილი სამკაულია.
სამკაულებისა თუ ჩანთების შექმნის ისტორიები კი ფერებს უკავშირდება.
თითოეულ მათგანს ფერების მიხედვით ვქმნი. ყველა ინდივიდუალურია, არცერთი არ მეორდება. რამდენიმე ნამუშევარი სიზმარში ნანახი სიუჟეტის მიხედვით დავხატე.
– რა მასალისგან მზადდება თქვენი სამაჯურები და ყელსაბამები?
– ყველა მათგანს ვაკეთებ ნატურალური მასალისგან, ძირითადად – ნატურალური ქვებისგან  და მეტალისგან. არ მიყვარს პლასტიკური მასალების გამოყენება.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მინდა ხელოვნებაში გავაგრძეო საქმიანობა, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომივა. მინდა გავხსნა სახელოსნო და მსურველებს სიამოვნებით გავუზიარო გამოცდილება.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები