ყვარელში მოსახლეობამ საძოვრების გასხვისება გააპროტესტა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. მოსახლეობამ სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისება გააპროტესტა. მათი თქმით, 50 ჰექტარი საძოვარი 2000 წელს 49-წლიანი იჯარით გადაეცათ და, ამ დროის განმავლობაში, შესაბამის გადასახადსაც იხდიდნენ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საძოვრების ნაწილი 2016 წელს აუქციონზე, მათგან მალულად გაიყიდა, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართეს და სადავო საკითხი დღემდე გაურკვეველია.
„ 2016 წელს ეკონოკის სამინისტრომ გაყიდა მიწების ნაწილი, რა დროსაც ჩვენ ფულს ვიხდიდით. ჩვენი სურვიალია, სასამართლომ გადახედოს ჩვენს საკითხს და დაგვიბრუნონ მიწები“, – განმარტა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ევრიკე ფილიაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება და სოფელი საძოვრებით ვეღარ ისარგებლებს.
“სოფელს საძოვრად 49-წლიანი იჯარით გვქონდა აღებული, ეკონოკის სამინისტროში გვეუბნებიან, ჩვენიდან არ არის გაყიდულიო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ადგილობრივი მერიიდან გაყიდული მიწები. ახლა აქ იწყება მშენებლობა და ადგილს დავკარგავთ“, – აღნიშნა კახაბერ ბარხუდაშვილმა.
აქციის მონაწილეებთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა და პრობლემას გაეცნო. როსტომ სესიაშვილი აქციის მონაწილეებს გასხვისების საკითხში გარკვევასა და ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდებას დაჰპირდა. მისი ვარაუდით, 2000 წელს იჯარით გაცემულ საძოვარზე მონაცემთა ბაზაში რეგისატრაცია არ არსებობდა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტრომ მიწები 2016 წელს გაასხვისა.
“აღნიშნული მიწა იყო ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე და გასხვისება მოხდა წესების დაცვით, საჯარო აუქციონით. მოსახლეობას ჰყავს ადვოკატი აყვანილი, რომელმაც სარჩელი შეიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურსში არ ვყოფილვართ. ყველაფერს ვეცდებით, რომ საკითხში გავერკვეთ, სადამდეა პროცესი მისული და ამის შემდგომ მივცემთ პასუხს მოსახლეობას“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები