ხაშურში, წრომის მაცხოვრის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, ეროზირებული იყო დუღაბი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო.
პირველი ეტაპის სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
მოხდა სახურავზე ბაზალტის ლორფინის ქვების მარკირება,განსაკუთრებული სიფრთხილით მოხსნა და ჩამოტანა-დასაწყობება;
მოინგრა ეროზირებული დუღაბის საფარი;
მოხდა წყალსაწრეტი მილების,ძაბრებისა და წყალშემკრები ღარების დემონტაჟი;
სახურავზე მოეწყო ახალი დუღაბის საფარი კალმატრონის გამოყენებით;
დუღაბის საფარზე დაეგო ჰიდროსაიზოლაციო მასალა;
მოხდა მოხსნილი ლორფინის ქვების დახარისხება, გადათლა და ვარგის მდგომარეობამდე მიყვანა;
გაითალა ბაზალტის ფილები არსებული ფორმის მსგავსად,რის შემდეგაც მოხდა მათი და მანამდე მოხსნილი და ვარგის მდგომარეობამდე მიყვანილი ლორფინის ქვების დაგება სახურავზე.
სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება.
წრომის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი აღნიშნავს, 626-63 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ-სამხრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. 1949, 1959, 1974-75 წლებში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა.
წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ი.მ „პაატა ნუცუბიძემ“ განხორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები