მწერალი გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ გეგეშიძე. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე ჟურნალ „კარიბჭის“ რედაქტორი, „ლიტერატურული პალიტრის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი  თამარ მამაცაშვილი აქვეყნებს.
„ლიტერატურულმა პალიტრამ“ ბევრი დაუვიწყარი მოგონება დამიტოვა, ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შემახვედრა. ამ მოგონებებს შორის გურამ გეგშიძესთან ურთიერთობის წუთები გამორჩეულია… როგორი უბრალო, როგორი თავმდაბალი, როგორი კარგი მწერალი და როგორი მორიდებული… ჟურნალში ერთ-ერთი პუბლიკაციის შემდეგ, ჩვეული მორიდებით დაგვპატიჟა სარედაქციო ჯგუფი მადლობის სათქმელად და ეს ფოტოებიც მაშინდელია…
დღეს შევიტყვე მისი გარდაცვალების ამბავი… გული მეტკინა… მშვიდობით, ბატონო გურამ! მადლობა ყველაფრისთვის“! – წერს თამარ მამაცაშვილი.

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. პირველი წიგნი – „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა. ეს იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.

გამოქვეყნებული წიგნები: „მზეა, თბილა“ – მოთხრობების კრებული(1965; ) „ცოდვილი“ – რომანი (1966);
„სიშორე“ – მოთხრობების კრებული (1967); „შურისძიება“ (1968);  „დევნილი“ – მოთხრობა (1968);
„სტუმარი“ – რომანი (1970);  „მოთხრობები“ (1971).
რომანების ტომი სათაურით – „ორი რომანი“ (1978); „ხმა მღაღადებლისა“ – რომანი (1982);  „აპრილი“ – მოთხრობების კრებული (1985);  თხზულებათა „ერთტომეული“ (1987);  „ჟამი“ – მოთხრობები (1989);
პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული – „სიტყვები“ (1990);  „სისხლის წვიმები“ – რომანი (1993);  “ნაცრის კოშკი” – რომანი (2001);  „დევნილი“ და სხვა მოთხრობები (2009).
ფილმოგრაფია:
„კაშხალი მთაში“, სცენარის ავტორი, 1979 წ.
„დიდი მწვანე ველი“, როლი: მთავარი გეოლოგი, 1967 წ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები