ხათუნა ლაგაზიძე: ნატოს წევრი სახელმწიფოების მხოლოდ შეშფოთების გამოთქმამ პუტინს შეიძლება საქართველოს, უკრაინის და ბელორუსის წინააღმდეგ ხელ-ფეხი გაუხსნას
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება, რადგან საქართველო და თურქეთი ეკონომიკურად ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, აღარაფერს ვამბობ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც დიდწილად თურქულ ლირაზეა მიბმული, – ამის შესახებ ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, 2020 წელი რუსი პოლიტოლოგების მოსაზრებებითაც გადამწყვეტი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ გეგმის შესრულებაში, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის ხელახლა შემომტკიცებას ისახავს მიზნად.
“რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. თუ რუსეთს ეს თავხედობა შერჩა სამხედრო პასუხს არ ვგულისხმობ ის უფრო შორს წავა. ნატოს წევრი სახელმწიფოების მხოლოდ შეშფოთების გამოთქმამ პუტინს შეიძლება ხელ-ფეხი გაუხსნას უკრაინის, ბელორუსისა და საქართველოს წინააღმდეგ.
2020 წელი რუსი პოლიტოლოგების მოსაზრებებითაც გადამწყვეტი იქნება პუტინის იმ გეგმის შესრულებაში, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის ხელახლა შემომტკიცებას ისახავს მიზნად. თუ თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის ამ ქმედებას მკაცრი სანქციები არ მოჰყვა, არავინ იცის, კიდევ რას იზამს. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო 2020 წელი რუსეთმა ბელორუსის მიმართულებით ან როგორ აიძულებს კრემლი უკრაინას მინსკის ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას, რაც ყულფში თავის გაყოფაა.
დავუბრუნდეთ ისევ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას. ოფიციალური თურქეთიდან სხვადასხვა შეფასება გაისმა: ხელისუფლების ერთი ნაწილი რუსეთს ადანაშაულებს, მეორეს კი ეს ასადის კონტროლირებადი ძალების თავდასხმად მიაჩნია. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი მაინც ერიდება რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას. ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ რუსეთს თითქოს ბოსფორს ჩაუკეტავდნენ და არ მისცემდნენ რუსულ სამხედრო გემებს გადაადგილების საშუალებას. ბოლო ინფორმაციით, ეს მუქარად დარჩა. თუმცა მოვისმინეთ ისიც, რომ შესაძლებელია თურქეთმა რუსეთს სიტუაცია შიგნიდან აუფეთქოს და მრავალმილიონიანი მუსლიმანი თემი აუჯანყოს. ეს პროცესები რომც არ გაგრძელდეს პირდაპირი კონფლიქტის სახით, რამდენიმე გამოწვევა მაინც დადგა დღის წესრიგში, მათ შორის საქართველოსთვისაც- უპირველესად ლტოლვილთა ახალი ნაკადები, რომლებიც ევროპისკენ აიღებენ გეზს, მცირე ნაწილმა კი შეიძლება საქართველოში სცადოს შემოღწევა. შექმნილ ვითარებას შეიძლება მოჰყვეს ტერორიზმის ახალი ტალღაც, რადგან ლტოლვილთა ნაკადს, კაცმა არ იცის, ვინ შეიძლება შეერიოს: იდლიბში მთელი სირიიდან მოიყარეს თავი ჯიჰადისტებმა.
ამ პროცესების შემდგომი ესკალაცია პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან მოგეხსენებათ, როგორ არიან ეკონომიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული საქართველო და თურქეთი, აღარაფერს ვამბობ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც დიდწილად მიბმულია თურქულ ლირაზე. ეს ყველაფერი “მსუბუქად” გვერდითი მოვლენებია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება საქართველოს დაემუქროს რუსეთ-თურქეთის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთი ამას თავს აარიდებს. ამ ორ ქვეყანას კონფლიქტი აქამდეც არაერთხელ ჰქონია, თუმცა ასეთი დიდი მსხვერპლი მათ დაპირისპირებას კარგა ხანია არ მოჰყოლია. ახლა მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნება დასავლეთს და დაუწესებენ თუ არა რუსეთს მკაცრ სანქციებს.
რისი მოწმენიც ახლა ვართ, გამაოგნებელია- გერმანიის ყოფილი კანცლერები თუ მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით დგებიან რუსული ენერგოგიგანტების სამსახურში, რაც რუსეთთან მათი ახლო კავშირების დასტურია.
დიდი ალბათობით, ეს კავშირი მათი თანამდებობაზე ყოფნის დროსაც არსებობდა. ამ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის დაზვერვის ყოფილი უფროსი რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის “რაშა თუდეის” წამყვანი იქნება. მეტი ლუსტრაცია ვეღარც წარმომიდგენია. აი, ამ ტიპის ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებმა პუტინს შეიძლება მართლაც გაუხსნას ხელ-ფეხი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის აღდგენისთვის, რისი სამიზნე შეიძლება საქართველოც გახდეს”,- განაცხადა ლაგაზიძემ.