27 წლის ნიკოლოზ ნამორაძე და მუსიკის სამყაროში ერთბაშად მოპოვებული აღიარება
პიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ ნამორაძემ 2018 წელს ერთბაშად მოიპოვა მსოფლიოს აღიარება. თუ მანამდე ბუდაპეშტის, ვენის, ფლორენციისა და ნიუ-იორკის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში მის ნიჭიერებასა და ფართო შესაძლებლობებს ყველა აღიარებდა, წარმოუდგენლად ძნელ ჰონენსის (კანადა, ქალაქი კალგარი) კონკურსში გამარჯვებამ იგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვეულებრივ იძინებ და მეორე დღეს უკვე სახელმოხვეჭილი იღვიძებ!
26 წლის მუსიკოსს ამ კონკურსის ლაურეატობამ მწვანე შუქი აუნთო ნებისმიერი საოცნებო საკონცერტო დარბაზისკენ. ასე აღმოჩნდა იგი ლონდონის „ვიგმორ ჰოლში“, სადაც მან კოლოსალური წარმატება მოიპოვა. ამ დარბაზში აღიარებას მაინც სხვა ფასი აქვს, სადაც მსმენელის უმეტესობას პროფესიონალი მუსიკოსები შეადგენენ. მათ წინაშე წარდგომა და მოწონების ტაში ხომ ყველაზე დიდი საშვია მუსიკალურ სამყაროში.
ნიკოლოზ ნამორაძის ლონდონურმა დებიუტმა დამარწმუნა, მას უაღრესად შთამბეჭდავი კარიერა ელოდება…
ტევადი და მრავლისმთქმელი იყო თვით პროგრამა, რომელშიც მან სრულიად განსხვავებული ავტორები მოაქცია და მათ შორის აღმოჩენილ იდუმალ კავშირებზე გააკეთა აქცენტი. ბახის, სკრიაბინის, იორკ ბოუენისა და ნამორაძის ნაწარმოებების ერთ საღამოს მოსმენამ ჩვენამდე მოიტანა ოთხი საუკუნის სუნთქვა, ოთხი მონათესავე სულის აღმაფრენისა და გარინდების, წუხილისა და გამარჯვების მუსიკა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე კომპოზიტორის ქმნილებას ნოვატორულის ამბიცია გამოარჩევს. ტექნიკურად და მხატვრული თვალსაზრისით კი საეტაპო ნიმუშებია, რომლებიც არა მარტო ნუსხავს მსმენელს, არამედ თვით საფორტეპიანო ესთეტიკის შემდგომ განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ნიკოლოზ ნამორაძე განსაცვიფრებელი ღირებულებების მქონე მუსიკოსია, რომლის შესრულებაში არის იმგვარი ძალა და დამარწმუნებლობა, რომ ვერაფრით დაიჯერებ მის ასაკს, ეს დაბრძენებული, მრავლისმნახველი ოსტატის განმარტოებაა ინსტრუმენტთან. ასეთი მუსიკალური სიმდიდრე, ემოციური ცვალებადობა და სინატიფე ხომ მრავალწლიან გამოცდილებას მოაქვს?! ის კი მხოლოდ 27 წლისაა!
რამდენ ახალ პიანისტს ვისმენთ განსაკუთრებით ლონდონში, არაერთია მათ შორის ძალიან ნიჭიერი და უდაოდ შთამბეჭდავი, მაგრამ ის სიღრმე და კლასიკური დახვეწილობა, რაც ბუნებრივად გააჩნია ნამორაძეს, მართლაც გამონაკლისია და მას განსაკუთრებულის რეპუტაციას უპოვებს ახალი თაობის მუსიკოსებში. ჩვენ მხოლოდ ჩანაწერებიდან ვიცნობთ დიდ პიანისტებს – არტურ რუბინშტეინს, ვლადიმირ ჰორვიცს, ემილ გილელსს, სვიატოსლავ რიხტერს, დაუჯერებელია და ნიკოლოზ ნამორაძის პიანიზმში, მის დამოკიდებულებაში სწორედ ამ გრანდებისათვის დამახასიათებელი სრულქმნილება და თავშეწირვა იგრძნობა მუსიკის მიმართ. საიდან და როგორ ხდება მსგავსი რამ, ეს აუხსნელი ფენომენია. ამ ყოველივეს უშუალოდ განცდა და შეგრძნება კი მართლაც იშვიათი დღესასწაულია მსმენლისთვის.
ნიკოლაზ ნამორაძე იმითაც არის გამორჩეული, რომ თავად წერს მუსიკას. ინგლისელი ტომას ადესის შემდეგ მე ვერ დავასახელებ ასეთი მკვეთრი ინდივიდუალობის მქონე კომპოზიტორს, რომლის მიმართ ინტერესი უკვე ასე საგრძნობია. რამდენმა პიანისტმა შეიტანა ისინი თავის რეპერტუარში და კიდევ რამდენს გაუჩენს მათთან თანაზიარების წადილს?
წლეულს ნამორაძეს ევროპის, ამერიკისა და იაპონიის წამყვან საკონცერტო სცენებზე მოუწევს გამოსვლა, ოქტომბერში კი მას კვლავ ბრიტანელი მსმენელი ელის, როცა სამეფო საფესტივალო დარბაზში მისი შესრულებით ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ბეთჰოვენის საგუნდო ფანტაზია აჟღერდება.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან