ანტვერპენში ველოსიპედით პირველი გაქროლება და შეხვედრაზე მიწვეული ქალბატონი, რომელსაც ბელგიის მეფემ ხელი ჩამოართვა

ამხედრო პირის ოჯახში დაიბადა. ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1994 წლიდან მეუღლესთან ერთად ცხოვრობბელგიაში. ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაფიცი თარჯიმანია. ხატავს, მონაწილეობმოყვარულ მხატვართა გამოფენებში.
საქართველოში ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსის პრიზიორი ბოლო წლებში აქტიურად ჩაერთსაქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისმა მოთხრობებმა და ლექსებმა ლიტერატურულ კონკურსებზე გაიმარჯვა.   მისი  ნაწარმოებები შესულია ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში. – მზია თვალაბეიშვილის პერსონა.

– არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა, ვალერიან და თინა თვალაბეიშვილები, ოჯახის ერთგული და თავდადებული ადამიანები, ამიტომ ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ოთხი დები ვართ და ჩვენი სახელები ლექსივით იკითხება: ნანა, დალი, მზია, ლალი.
მამა სამხედრო პირი, გადამდგარი პოლკოვნიკი იყო. დედა – დიასახლისი. სანამ გათხოვდებოდა, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, მამა სამხედრო კათედრაზე ლექციებს კითხულობდა და სწორედ იქ შეუყვარდათ ერთმანეთი. გათხოვების შემდეგ დედამ თავი დაანება სწავლას და, ვინ იცის, შემდგომში ნანობდა კიდეც.
დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა, რომელიც ჩვენს დროს ძლიერი პედაგოგიური კოლექტივით და ლამაზი მოწაფე გოგონებით იყო სახელგანთქმული, მეგობრული კლასი გვქონდა და საუკეთესო განათლება მივიღე.
მშობლები ხელს გვიწყობდნენ სწავლა-განათლებაში. გამოწერილი გვქონდა და სახლში მოგვდიოდა იმდროინდელი საბავშვო ჟურნალ-გაზეთები: „დილა“, „პიონერი“, „ნორჩი ლენინელი“. რუსული საბავშვო ჟურნალები. ასეთი დრო იყო და ასეთი სახელწოდებები. როცა წამოვიზარდეთ, უკვე „ცისკარი“ და „მნათობი“ გვქონდა გამოწერილი, მამას დამატებით – ჟურნალ-გაზეთები თავისთვის.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა საახალწლო დღესასწაულები. მამას უზარმაზარი ნაძვის ხეები მოჰქონდა, რომლებიც ჩვენს მაღალჭერიან ბინაში ლამის ჭერს სწვდებოდა და ირგვლივ ნაძვის სურნელს აყენებდა, სათამაშოებიც  შერჩეული გვქონდა. ნაძვის ხის გაწყობა მთელი დღესასწაული იყო, ხშირად დეიდაშვილ–ბიძაშვილებიც ჩვენთან იყრიდნენ თავს.
ბავშვობიდან ერთ-ერთი ახალი წელი დამამახსოვრდა, სულ პატარა ვიყავი, ჟურნალი „დილა“ მივიღეთ ზუსტად 31 დეკემბერს, სავარძელში ვიჯექი, ვკითხულობდი და ახალ წელს ველოდი. ძილი მომერია, თან რამდენჯერმე ვიკითხე: „როდის მოვა ახალი წელი?“ მალე, მალე მოვაო, –  მამშვიდებდნენ და საქმიანობდნენ. მოლოდინში ჩამეძინა. მერე მამამ ამიყვანა ხელში, მითხრა: „მზია, ახალი წელი მოვიდა“ და გოზინაყით ჩამიტკბარუნა პირი.
 ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ, როგორ აირჩიეთ თქვენი სპეციალობა?
– იცით, როგორ ავირჩიე? მაშინ გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა ყველა ფაკულტეტი და სპეციალობა. წინასწარ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჰუმანიტარული განხრით მინდოდა სწავლა. გადავავლე თვალი და ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების სპეციალობა ავირჩიე. რატომ? მე თვითონ არ ვიცი. სულ 5 სტუდენტს იღებდნენ და საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. ეს ერთადერთი წელი იყო, როცა ისტორიაში წერითი გამოცდა ჩატარდა. ორივე წერით გამოცდაში 5 მივიღე. ქართულის გამოცდაზე 3 სავარაუდო თემიდან თავისუფალი ავირჩიე: „ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც ხისაო“. ხელიდან ხელში გადადიოდა  თურმე ჩემი ნაწერი, ეს მერე გავიგეთ.
სტუდენტობის წლები…
– ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მეცნიერების კორიფეები ცოცხლები იყვნენ და ჩვენ მათი ლექციები მოვისმინეთ. კურსიც საინტერესო იყო, ჩემი თანაკურსელები იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი, მანანა ღარიბაშვილი, მამუკა ჩარკვიანი, გიგი სულაკაური….
სკოლაში გატარებული წლების შემდეგ სტუდენტობა ხომ თავისუფლებაა, ნამდვილ ცხოვრებასთან შეხება და ამ სიახლით ტკბობაა.
  წერთ და და ხატავთ. პირველი ნაწარმოებები
– ბავშვობაშიც ვწერდი. პირველი ლექსი დედას მივუძღვენი, თან რატომღაც რუსულ ენაზე დავწერე. არ შემორჩა ის ლექსი, დასაწყისი კი მახსოვს. დანარჩენი ნაწერებიც დაიფანტა.
ძირითადად, ემიგრაციაში დავიწყე წერა. ფეისბუქის წყალობით ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმს დავუმეგობრდი, მისი ეგიდით ბევრი ლიტერატურული პროექტი ხორციელდებოდა. ამ ფორუმს და პროექტებს უძღვებოდა გიორგი კილაძე,  რომლის უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან მისი თაოსნობით დაიბეჭდა.  ჩემი მოთხრობა – „მკითხველთან რომანის მქონე რომანის მონოლოგი“  გაზეთ „რეზონანსის“ ლიტერატურულ დამატება „გალაკტიონში“ გამოქვეყნდა, რუბრიკით „ლიტერატურული მონოლოგები“.
ეს იყო ჩემი ნაწარმოების პირველი პუბლიკაცია და ზუსტად დაბადების დღის საჩუქარივით 2011 წლის 11 საქტემბერს დაიბეჭდა. მე 11 სექტემბერს ვარ დაბადებული.
ხატვითაც თითქმის ყოველთვის ვხატავდი, მაგრამ ემიგრაციაში, 2010 წელს, უეცრად ბევრი ნახატი შევქმენი.
ცხოვრობთ ბელგიაში. სასამართლოს ნაფიცი თარჯიმანი ხართ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურს და შემოქმედებას?
– ანტვერპენის სასამართლოს ნაფიცი თარჯიმანი ვარ და ანტვერპენის ოლქში ვცხოვრობ. ფიცი მაქვს დადებული სასამართლოში და გამოძახებებით ვმუშაობ, მაგრამ, ამავე დროს, დამოუკიდებელი მეწარმე ვარ. ასეთია ამ პროფესიის სპეციფიკა. ამიტომ მე თვითონ ვსაზღვრავ, როდის ვიმუშაო და როდის დავისვენო.
სხვათა შორის, ბელგიაში ვისწავლე ველოსიპედით სიარული (ველოსიპედის მართვა), რამდენჯერ დავეცი, ვინ მოთვლის, მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებდი სწავლას. საოცარი განცდა იყო პირველი თავისუფალი გაქროლება, მხოლოდ ფრენას თუ შეედრება, მე მივფრინავდი.
ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ჩვენ ბუნებაში ვცხოვრობდით, თან ქალაქს ვეკუთვნოდით და თან მის გარეთ ვიყავით. მუშაობით კი ქალაქის ცენტრში ვმუშაობდი და სწორედ ველოსიპედი მიმაქროლებდა დანიშნულების ადგილზე დროულად.
– როგორც წარმატებული უცხოელი,  მიგიწვიეს ბრიუსელში, მეფის სასახლეში…
– 1997-2003 წლებში კულტურის ცენტრში ვმუშაობდი და ძალიან საინტერესო პერიოდი მქონდა. 1998 წლის ოქტომბერში მიმიწვიეს ბელგიის მაშინდელი მეფის, ალბერტ მეორის სასახლეში მეფესთან შეხვედრაზე, რომელსაც იგი წარმატებულ უცხოელებთან მართავდა. სახელობითი მოსაწვევიც გადმომცეს, რომლის შენარჩუნებაც ძალიან მინდოდა, მაგრამ შესვლისას შეამოწმეს და დაიტოვეს. ჯერ საზეიმო-მოხსენებითი ნაწილი იყო, შემდეგ – წვეულება მეფესთან.
მიპატიჟებულ უცხოელებს ამ შეხვედრაზე მისვლა ოფიციალურ თანმხლებ პირთან ერთად, ან თანმხლები პირის გარეშე შეეძლოთ. მე ბურგომისტრის მოადგილე ქალბატონი მახლდა თან. ჩემთვისაც კომფორტული იყო თანმხლებ პირთან ერთად ყოფნა. უფრო მშვიდად ვიყავი.
წვეულების დარბაზში ვთხოვე თანმხლებ ქალბატონს, ისე ახლოს დავმდგარიყავით, რომ ყველაფერი დაგვენახა. ამიტომ მეფე რომ შემოვიდა, ჩვენ ყველაზე წინ აღმოვჩნდით. მოგვესალმა დამსწრე საზოგადოებას და, როგორც ჩანს, ყველასთვის განკუთვნილი სიმბოლური ხელის ჩამორთმევაც მე მხვდა წილად და გამიღიმა. სხვა არავისთვის ჩამოურთმევია ხელი.
შემდეგ ხელით გასამასპინძლებლად მიგვიპატიჟა. თავად მეფე ორ-სამ მამაკაცთან საუბრობდა. როგორც ბურგომისტრის თანაშემწემ მამცნო, მინისტრები იყვნენ, რომელთა ფუნქციებშიც უცხოელთა ინტეგრაცია, საყოველთაო განათლება და მოსახლეობის შრომითი მოწყობა შედიოდა.
ოფიციალური ნაწილის დასაწყისში მეფემ  შეხვედრის მონაწილეებსმოგვმართა და მოგვილოცა ბელგიის თანაცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნა. შემდეგ უკვე მომხსენებლები გამოვიდნენ.
 აქტიურად მონაწილეობთ საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში. კონკურსებში მოიპოვეთ წარმატება...
– კონკურსებიდან პირველ წარმატება 2014 წლის მაისში მოვიპოვე, საჩხერეში ჩატარებულ აკაკი წერეთლის სახელობის პირველ ლიტერატურულ კონკურსზე „მოდინახე“ ლექსით „გეიშა“ ათ ფინალისტს შორის აღმოვჩნი და მივიღე ფინალისტის სიგელი. ჩემმა ლექსმა ფონდ „მოდინახეს“ სიმპათიის პირველი პრიზიც დაიმსახურა და აკაკი წერეთლის ნაწარმოებთა აკადემიური გამოცემა გადმომეცა. მინდა  მადლიერებით მოვიხსენიო საჩხერეში ჩატარებული კონკურსის ორგანიზატორი როლანდ ხოჯანაშვილი.
ასევე,  ძალიან მიყვარს ზაზა ფირცხალაიშვილის მიერ ბათუმში დაარსებული კონკურსი „ლექსების გამოფენა – ასი სიტყვა“.
  რამდენად ეფუძნება თქვენი ნოველები რეალურ ამბავს?
– ძალიან უცნაურია წერის პროცესი. აი, მოდის ეს ამბები და წერ, რეალური ამბები და პიროვნებები ნაკლებად შეგხვდებათ ჩემთან, მაგრამ ასეთი მცირე ჩანართებიც არის. წერის პროცესში, როდესაც მოქმედი გმირების ხასიათები ჩამოყალიბდება, შემდეგ ისინი წარმართავენ და განსაზღვრავენ, რა და როგორ მოხდება, მეც მათ მივყვები.
მაგალითად „შავ-თეთრი ცხოვრება ანუ ანგელოზი და დემონი“ ნაწილ-ნაწილ იწერებოდა, ამ ნაწილების შეერთებისას მთლიანად პერსონაჟებმა წარმართეს თავიანთი ბედი.
–  როგორ დაიწერა რევაზ ინანიშვილის ახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორი ნოველა – ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მონოლოგი“?
– ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან საინტერესო ნივთია, მთლიანად გარდაქმნის ხოლმე ქალს.
მერილინ მონროს მოგონება წავიკითხე. მან ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: იგი უქუსლო ფეხსაცმლით სრულიად შეუმჩნევლად გამოვიდა ქუჩაში, ჩვეულებრივი სიარულით მიდიოდა და თითქმის არავის მიუქცევია მისთვის ყურადღება. შემდეგ ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოვიდა და ისე გაიარა, როგორც მისი პერსონაჟი დადის ფილმში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ და მთელი ქუჩა აედევნა. ასე იქცა ჩემს წარმოსახვაში ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მთავარ „გმირად“.
საქართველოში ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსის პრიზიორი ხართ
– დიახ, ეს კონკურსი 2011 წელს ჩატარდა. ჩემმა მეგობარმა შემატყობინა ფეისბუქის მეშვეობით საქართველოდან და ინტერნეტმა მომცა საშუალება, მიმეღო მონაწილეობა.  სამი თუ ოთხი ეტაპი გავიარეთ. საკმაოდ რთული კონკურსი იყო. უნდა გადაგვეწერა კალიგრაფიით შესრულებული ძველი ქართული ტექსტები. ბოლოს ჩვენი ხელწერით დაგვეწერა ჟიურის მიერ მითითებული ტექსტი. ჟიურიმ ჩათვალა, რომ სრულიად განსხვავებული და ლამაზი ხელწერა წარმოვაჩინე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ფეისბუქში 2010 წლის ბოლოს გავწევრიანდი და 2011-ში უკვე ჩემი მოთხრობაც დაიბეჭდა, კალიგრაფიის კონკურსშიც გავიმარჯვე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს საქართველოში დავბრუნდი.
რომელ გამოფენებში მონაწილეობდით?
– ძირითადად, მოყვარულ მხატვართა გამოფენებში ვმონაწილეობდი. 2011 წლის აპრილ-მაისში პირველად მივიღე მონაწილეობა მოყვარულ მხატვართა გამოფენაში, იმ გამოფენის აფიშაც შემომრჩა.
თქვენი თვალით დანახული საქართველო?
– დამოუკიდებლობის გზაზე საქართველო ჯერ მაჭარია და დუღს. მაჭარი რაც უფრო მეტს დუღს უფრო კარგი ღვინო გამოსდის.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– საქართველოში ვიცხოვრებდი…  ემიგრაცია მაინც ემიგრაციაა.
რაზე მუშაობთ?
– ვწერ დეტექტივს, 37-ე გვერდზე შევჩერდი და ჯერ ამ გვერდების განვრცობა-დახვეწაზე ვფიქრობ. კრებულის გამოცემაც მინდა, რასაკვირველია, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადამიდგამს.
ჰობი…
– მეილ-არტი, ანუ მიწერ-მოწერის (იგივე საფოსტო) ხელოვნება.
ოჯახი
– ბელგიაში მე და ჩემი მეუღლე ვლადიმერ სანიშვილი ვართ. საყვარელი დები, დისშვილები და დისშვილიშვილები მყავს, მაგრამ ჩემგან შორს, საქართველოში.
სამომავლო გეგმები
– ყოველი დღით ვცხოვრობ. ყოველ დღეს თავისი საზრუნავი აქვს.
და ბოლოს, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენ, თამარ. უპირველესად იმისთვის, რომ მრავალი წლის განმავლობაში უანგაროდ ემსახურებით საქართველოს. ცდილობთ, საინტერესო და  დადებითი ინფორმაცია მიაწოდოთ მკითხველს, რაც  დღეს ასე იშვიათია.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები