ცნობილი მთარგმნელი დარეჯან ლაბუჩიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა მთარგმნელი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი დოდო (დარეჯან) ლაბუჩიძე-ხოფერია.
დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია 1985-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 2010 წლიდან დღემდე იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2015 წლიდან დღემდე იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.
დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ქართულ ენაზე თარგმნა საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსებისა და სოციოლოგების საფუძველმდებარე ტექსტები, მათ შორის: შარლ ლუი მონტესკიე – „კანონთა გონი“, ჟან ჟაკ რუსო – „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, ემილ დიურკემი – „სოციოლოგიის მეთოდის წესები, ანრი ბერგსონი – „ცნობიერება და სიცოცხლე“, რენე დეკარტი – „მსჯელობა მეთოდის შესახებ“. ალექსის დე ტოკვილი – „დემოკრატია ამერიკაში“, ემილ დიურკემი – „სოციალური შრომის დანაწილება“ და სხვ.
დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მუშაობაში, სადაც გამოიცა თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ორი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური ტექსტის შესანიშნავი ქართული თარგმანები: ჟან გრონდენი – „რელიგიის ფილოსოფია“ (2018 წ.) და ალენ ბადიუ – „ეთიკა“ (2019 წ.).
გარდა მთარგმნელობით საქმიანობისა, დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია ახორციელებდა ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მას გამოცემული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და ფრანგულ ენებზე.
2013 წელს პროფესორი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტრომ ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რაინდის ორდენით (Chevalier de L’ordre des Arts et des Lettres) დააჯილდოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები