ირაკლი სესიაშვილი: ჩვენმა იუნკერებმა არნახული მამაცობა გამოამჟღავნეს, ამის საფუძველი იყო სამშობლოს სიყვარული და თავისუფლებისადმი ერთგულება
99 წლის წინ ამ დღეს რუსეთის წითელმა არმიამ მასირებული შეტევა განახორციელა თბილისზე და გულანთებულმა ახალგაზრდებმა, ჩვენმა იუნკერებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვეს თბილისი,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, იუნკერებმა არნახული მამაცობა გამოამჟღავნეს.
„ტრადიციულად პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს. 99 წლის წინ ამ დღეს რუსეთის წითელმა არმიამ მასირებული შეტევა განახორციელა თბილისზე და გულანთებულმა ახალგაზრდებმა, ჩვენმა იუნკერებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვეს თბილისი. არნახული მამაცობა გამოამჟღავნეს. ამ მამაცობის საფუძველი იყო სამშობლოს სიყვარული, თავისუფლებისადმი ერთგულება, იმის განცდა, რომ ჩვენ გვქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის, რაც მათ მაგალითად დაუტოვეს მომავალ თაობებს, არის თავგანწირვის მაგალითი. ამ მაგალითზე დღესაც იზრდებიან კურსანტები. კვლავაც ერთი მოტივაცია გვაქვს, ჩვენ გვიყვარს სამშობლო, გვინდა თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფო“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის ეზოში მდებარე ტაძარში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.