„ამ ზღაპრით ჩემმა შვილმა და ყველა ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთი საქართველოა“ – იტალიის ახალგაზრდა ელჩის ამოწურული მანდატი და 9-წლიანი გადმოსახედიდან დანახული მომავალი

პატარა იყო, აფხაზეთი რომ დაიკარგა. ამიტომ  მისი ცხოვრება თბილისიდან უფრო იწყება. სკოლა თბილისში დაამთავრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.  27 წლის ასაკში რომში დოქტორის ხარისხი მიიღო.
ერთი წლის განმავლობაში იყო იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის მოვალოებას.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და კონფლიქტოლოგიის ექსპერტია. იტალიელ მეგობართან ერთად შექმნილი კვლევა ფედერალიზმის მოდელზე  კემბრიჯის უნივერსიტეტმა წიგნად გამოსცა. წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები შეძენის დიდ სურვილს გამოთქვამენ. კვლევას აგრძელებს ამ მიმართულებით. აქვს საინტერესო გეგმები, მათ შორის, აფხაზეთთან დაკავშირებითაც. – ნენო გაბელიას პერსონა.

 თქვენი ოჯახი გალიდან არისაფხაზეთის ომის დროს პატარა იყავით
– ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ აფხაზეთი მახსოვდეს, თან პერიოდიც ისეთი იყო ჩვენს ცხოვრებაში, მიჭირს იქაურობის გახსენება. ჩემი ცხოვრება უფრო თბილისიდან იწყება, თუმცა მშობლების ისტორიები  ჩემი დების მოყოლილი ამბები მახსოვს, თუ როგორ თამაშობდნენ ისინი სამეზობლოში, როგორი თბილი ხალხი ცხოვრობდა იქ და როგორ იზრდებოდნენ ერთად ქართველები და აფხაზები.
სკოლა თბილისში დაამთავრეთ, შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდით. სტუდენტის თვალით დანახული აფხაზეთის კონფლიქტი…
– მახსოვს, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და ლექციები დაგვეწყო, ყველას უკვირდა, როცა ვამბობდი, იძულებით გადაადგილებული პირი ვარ-მეთქი, ეს პერიოდი არ მავიწყდება, როცა სინანულის ან შეცოდების თვალებით გიყურებენ, არ იყო სასიამოვნო. თუმცა იმ 4 წლის განმავლობაში აფხაზეთზე ისე არ მიფიქრია, როგორც ამაზე დღეს ვფიქრობ, მაშინ უფრო სხვა მიმართულებაზე ვსწავლობდი და აფხაზეთის თემა ჩემს ცხოვრებაში ისეთი აქტუალური არ იყო, როგორც ის დღესაა.
რომში „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღეთ...
– 27 წლის ვიყავი, როცა 2017 წელს დოქტორის ხარისხი მივიღე. აპრილში, დაიბადა ჩემი შვილი და მეც მალევე დავიცავი ხარისხი. ეს პერიოდი განსაკუთრებული იყო იმ უზარმაზი შრომით, რაც მე ამ ყველაფერში ჩავდე, თან ვზრდიდი ჩემს პირველ შვილს და თან თემაზე მუშაობას ვასრულებდი. მახსოვს, დაცვის დღეს შვილთან ერთად რომ მივედი უნივერსიტეტში, გაოცებულები მიყურებდნენ, უკვირდათ, ჯერ ერთი, ასეთი ახალგაზრდა რომ ვიყავი და ხარისხს ვღებულობდი და მეორე ის, რომ ეს ყველაფერი ბავშვთან ერთად მოვახერხე.
იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის უფლებამოსილება ახლახან ამოგეწურათ.  რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი თქვენთვის?
– უკანასკნელი ერთი წელი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ბევრი შრომა დამჭირდა, რომ ყველა პროექტი ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. მართალია, ახალგაზრდა ელჩები ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც შენი ქვეყანა გაკისრებს და ღირსეულად უნდა გაართვა თავი, რაც ნამდვილად არ არის მარტივი. ალბათ, რომ შევაჯამო, იყო კიდეც დამღლელი, თუმცა ძალიან სასიამოვნო და ბევრის მომცემი.
ელჩობის პერიოდში მრავალი კარგი საქმე გააკეთეთ. რას გამოყოფდით თქვენ?
– მსგავსი კითხვა ერთმა იტალიელმა დამისვა და ისე სასიამოვნოდ გამეღიმა, ბევრი ღონისძიებაა, რომლითაც საოცრად ვამაყობ. ღვინის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი დეგუსტაცია გაიმართა და, სავარაუდოდ, კიდევ გავაკეთებ რამდენიმეს. საოცარი იყო, როცა ერთ საღამოს რომში 12 მეღვინის ღვინო წარვადგინეთ, 40 სომელიე მოვიწვიეთ და მათ გაოცებას და აღტაცებას ახლაც ვერ ვივიწყებ.

სამაჩაბლოელ ხელოვანთან – ფატი კახნიაშვილთან ერთად

ასევე ძალიან კარგი გამოვიდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში ჩატარდა და დაეთმო მხოლოდ საქართველოს და ქართულ მოდას. გვყავდა უამრავი სტუმარი მოდის სფეროდან – როგორც ქართველები ასევე იტალიელები, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და მუზეუმების წარმომადგენლები.
ძალიან მალე კონფერენციის მასალები, ამავე უნივერსიტეტის ეგიდით, წიგნად გამოიცემა და ეს იქნება პირველი ინგლისურენოვანი წიგნი, სადაც განხილული იქნება ქართული მოდის ისტორია.
ორგანიზება გავუკეთე ასევე სხვადასხვა პერსონალურ გამოფენას და კულინარიულ საღამოს.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტებს იკვლევთ, მათგან განსაკუთრებულია აფხაზეთის კონფლიქტი. იტალიელ მეგობართან ერთად შექმნილი კვლევა ფედერალიზმის მოდელზე  კემბრიჯის უნივერსიტეტმა წიგნად გამოსცა… 
– წიგნმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, სიმართლე გითხრათ, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ვიცი, რომ ძირითადად უნივერსიტეტები იძენენ ბიბლიოთეკებისთვის, რაც ძალიან კარგია, რადგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრ სტუდენტს  ეძლევა საშუალება, უფასოდ წაიკითხოს. საკმაოდ ძვირად ღირებული წიგნია, ამიტომაა მნიშვნელოვანი და კარგი,  ეს წიგნი ბიბლიოთეკებში იყოს.
წიგნი სოციოლოგიურ ანალიზთან ერთად ძალიან კარგად გადმოსცემს კონფლიქტის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას ინგლისურ ენაზე, ალბათ სწორედ ამიტომაა მასზე დიდი მოთხოვნილება.
– პირდაპირ გკითხავთ: როგორ უნდა აღდგეს აფხაზ ხალხთან ურთიერთობა და ნდობა?
– ძალიან საინტერესო და ამოუწურავი კითხვაა, არა მგონია, ერთი სწორი პასუხი არსებობდეს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას მრავალი სხვადასხვა პროექტი, რომელიც ყინულს გაალღობს. მესმის, რომ დიდი ნაბიჯები გადადგმა ამ მხრივ წარმოუდგენელია, თუმცა, იყოს პატარა ნაბიჯები, ესეც არ არის ცუდი. სხვადასხვა საზაფხულო სკოლა, კონფერენციები, ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, სადაც ქართველს და აფხაზს დაკავშირების საშუალება ექნებათ დიალოგის დასაწყებად.
რომში მეცხრე წელია ცხოვრობთროგორია იტალიელების დამოკიდებულება ემიგრანტებისადმი? რა შეგძინათ ამ წლებმა, პირადად, თქვენ?
– იტალია არ არის მარტივი ქვეყანა ემიგრანტებისთვის, რთულია მათ თავი შეაყვარო, თუმცა, თუ შეუყვარდი, არსად გაგიშვებენ. იმდენად ბევრი ემიგრანტია ამ ქვეყანაში, რომ ზოგჯერ მეც მაშინებს იტალიელების ადგილზე ჩემი თავის წარმოდგენა, მაგრამ ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით. მარტივი არაფერია, ეს იმხელა კულტურის ქვეყანაა, შეუძლებელია, იტალიაზე და კონკრეტულად რომზე შეყვარებული არ დარჩე.
21 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პიროვნულად გავიზარდე, ცხოვრება ალბათ უფრო სწრაფად ვისწავლე, იტალიამ ტემპები დააჩქარა, რა თქმა უნდა, წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოცდილება მელის და უამრავი რამაა სასწავლი, თუმცა საინტერესო წლები იყო, საკუთარი თავიც უკეთ შევიცანი და ვთვლი, რომ დღეს უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე 9 წლის წინ.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და კონფლიქტოლოგიის ექსპერტი ხართ. სამომავლოდ რას აპირებთ?
– ორი წლია, რაც კვლევას მოვრჩი და უკვე მენატრება ეს ყველაფერი. ახლა, როცა უკვე ახალგაზრდა ელჩის მანდატიც ამომეწურა და ოდნავ მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა, დავიწყე ფიქრი კვლევაზე. ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც მაინტერესებს, მაგრამ ამჯერად მინდა კვლევა  თვითონ აფხაზეთში ჩავატარო, ამას ალბათ დრო დაჭირდება, ამიტომ თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, თუმცა მე სულ ვაკეთებ სხვადასხვა პროექტს ამ თემაზე.
 ოჯახი, მეუღლე, შვილები
– ძალიან იღბლიანი  ვარ, ორი ოჯახი მყავს, ერთი საქართველოში, ერთი იტალიაში და ორივე უზომოდ მიყვარს. სწორედ იტალიაში ოჯახის შექმნის გამო მომიწია რომში დარჩენა საცხოვრებლად. დღეს უკვე სამი წლის შვილი მყავს, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე – დავითი ვზრდით, ჩემი დედამთილი და მული ყველაფერში მეხმარებიან, სწორედ ისინი არიან ჩემი ოჯახი რომში. რაც შეეხება თბილისს, იქ უზარმაზარი ოჯახი მყავს: დედ-მამა, ორი და და ერთი ძმა.
ჰობი
– 11 წლის განმავლობაში ვცეკვავდი და დღემდე ძალიან მიყვარს, ბოლო წლებში იშვიათად მრჩება ბევრი თავისუფალი დრო. ამიტომ იშვიათად ვახერხებ საცეკვაოდ წასვლას.
მამათქვენმა აფხაზეთს 4 წიგნი მიუძღვნა. თქვენ აფხაზეთზე ზღაპარს წერთ….
– მამას ჩემს თავს ვერც შევადარებ, ის პატრიოტია, მისთვის აფხაზეთი ყველაფერია. ალბათ არ არსებობს წუთი, როცა აფხაზეთი არ ახსენდება.
რაც შეეხება ჩემს ზღაპარს, არ მქონია ჩანაფიქრი, აფხაზეთზე ყოფილიყო, უბრალოდ როდესაც დედა გავხდი, დიდი სურვილი მქონდა, ჩემი შვილისთვის დამეწერა ზღაპარი, თუმცა არასდროს მიფიქრია წიგნად გამოცემა. რამდენიმე თვის მერე მომაფიქრდა, ზღაპარი აფხაზეთზე ყოფილიყო.
ამ ზღაპრით ჩემმა შვილმა და ყველა ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთი საქართველოა და იცოდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ნაწილი. დროსთან ერთად ბევრ რაღაცას ვივიწყებთ და არ მინდა, მომავალმა თაობამ დაივიწყოს აფხაზეთი. რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ზღაპარია და მათთვის გასაგებ ენაზე  სახალისოდ იქნება მოთხრობილი.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მიჭირს, რადგან ამ პრობლემას ხშირად ვაწყდები. ძალიან დიდი აგრესიაა ადამიანებში, ყოველდღე ვხვდები ჩემ გარშემო ადამიანებს, ვისაც სურთ რაღაც ცუდი გითხრან, ცუდი გაგიკეთონ, რაც, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და მეორე, რასაც გულით ვისურვებდი, ეს არის გვერდში დგომა. ქართველებს რატომღაც ძალიან გვიჭირს ერთმანეთის გვერდში დგომა, ვისურვებდი, უფრო შეკრული და ერთიანი ერი ვყოფილიყავით.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები