NGO-ს კვლევა: გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია და სტაბილიზაციაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიმართლის გზის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 67 % აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია და სტაბილიზაციაა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა და დირექტორმა ფიქრია გოგოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა თბილისის მასშტაბით, სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით, არაალბათური შერჩევის საფუძველზე 10-15 თებერვალს ჩატარდა.

„გენერალური ერთობლიობა მოიცავდა მთლიან საზოგადოებას, თუმცა შერჩევის მოცულობამ შეადგინა 1571 ადამიანი. ჩატარებული კვლევა ორიენტირებული იყო სამ საკითხზე:
1. მიაჩნია, თუ არა საზოგადოებას , რომ ქვეყანაში არის დემოკრატიულობა და სტაბილიზაცია; 2. რამდენად შეუძლია საზოგადოებას გაერთიანებული ოპოზიციის პარტიების სულ მცირე 7-ის ჩამოთვლა(ცოდნა).
3.რომელ არხს ენდობიან ყველაზე მეტად“- განაცხადა გოგოლაძემ.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა ტენდენცია, რომ 1045 ადამიანის აზრით, ქვეყანაში ნამდვილად არსებობს დემოკრატია და სტაბილიზაცია, რაც გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 67%-ია. 337 ადამიანმა თქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატია და სტაბილიზაცია არ არის, რაც კვლევაში მონაწილეთა 21%-ს შეადგენს. რესპოდენტების 12%-მა (სულ 189 ადამიანი) არ იცის არსებობს, თუ არა ქვეყანაში დემოკრატია და სატაბილიზაცია.
„კვლევამ ნათელყო მეორე სახის ტენდენციაც, რომ გამოკითხულთა რაოდენობიდან 127 ადამიანს შეუძლია დაასახელოს გაერთიანებული ოპოზიციის 32 პარტიიდან 7 მაინც, რაც შეადგენს გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 8%-ს. 860 რესპოდენტს არ შეუძლია დაასახელოს ოპოზიციის 7 პარტია მაინც, რაც რესპოდენტთა მთლიანი რაოდენობის 55%-ია. ასევე, არ იცის ოპოზიციური პარტიების შესახებ გამოკითხულთა 430-მა ადამიანმა, რაც შეადგენს მთლიანი რაოდენობის 27%-ს.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა მესამე სახის ტენდენციაც, რომელიც შეეხება ტელეარხების სანდოობის ხარისხს. გამოკითხულთა 1571 ადამიანიდან 1041-მა რესპოდენტმა დააფიქსირა შეხედულება, რომ ტელეარხებიდან ყველაზე მეტად ენდობა „იმედს“, რაც შეადგენს გამოკითხულთა 66 %-ს, 201-მა ადამიანმა თქვა, რომ „TV პირველს“ ენდობა, რაც შეადგენს 13%-ს, 163-მა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ენდობა „მთავარ არხს“ და ეს არის გამოკითხულთა 10%. ჩამოთვლილთაგან არცერთ არხს არ ენდობა 12 რესპოდენტი და ისინი მთლიანი რაოდენობის 2%-ს მოიცავენ“- განაცხადა გოგოლაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა და საზოგადოებრივი აზრის გაგება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები