ემზარ კვიციანი: ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი ბედნიერი პატიმარი იყო, ყოველდღე სიკვდილს არ ელოდებოდა ციხეში
ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი ბედნიერი პატიმარი იყო, ყოველდღე სიკვდილს არ ელოდებოდა ციხეში, დაცვის ქვეშ ჰყავდათ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა განცხადა.
კვიციანი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, ერთ წელიწადში ამ რეჟიმს დავამხობო. რეჟიმს, რომელმაც ის გადაარჩინა . ვანო მერაბიშვილი იყო ერთერთი ბედნიერი პატიმარი, პოლიტპატიმარს რომ უწოდებენ ახლა. იმიტომ, რომ ყოველდღე სიკვდილს არ ელოდებოდა ციხეში, დაცვის ქვეშ იყო. სახელმწიფო ასმევდა, აჭმევდა და იყო თბილად. ვანო მერაბიშვილის დროინდელი ციხე რომ ყოფილიყო, აი, მაშინ ნამდვილად შეგვეცოდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე პირები ყველანაირად არიან დაცულები ციხეშიც და გარეთაც. წარმოიდგინეთ, ესენი ჩვეულებრივ ციხეში რომ ყოფილიყვნენ. თავად პატიმრები აზღვევინებდნენ ამათ თავიანთ ნამოქმედარს. აქ მატროსოვზე ცალკე ჰყავთ „ნაციონალები“ და იცავს ხელისუფლება. გარეთ ხედავთ, რა დღეში არიან.
მისი განცხადება, დამხობისკენ მოწოდება საკმარისია იმისთვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“- განაცხადა კვიციანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.
„გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება,“- განაცხადა მერაბიშვილმა.
თამუნა შეყილაძე