ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე მიეცა პასუხისგებაში

ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე მიეცა პასუხისგებაში,- ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მან თავისი პროკურორობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა.

„ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მანამდეც როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი და აღნიშნულ დეპარტამენტს ვკურირებდი, ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში“. – განაცხადა შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა მაგალითად მოიყვანა ისეთი რეზონანსული საქმეები, როგორებიცაა: გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის საქმე, კორტების სპეცოპერაცია და ა.შ.

“გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია იყო კონკრეტულად გამოძიების თავიდან ჩატარების თაობაზე და ამ საქმეზე დღესდღეობით უკვე მსჯავრდებულია არაერთი მაღალი თანამდებობისა და საშუალო რანგის თანამდებობის პირი. საუბარია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსზე დათა ახალაიაზე; თავდაცვის მაშინდელ მინისტრზე ბაჩანა ახალაიაზე; შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრზე ივანე მერაბიშვილზე; ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე,” – აღნიშნა შოთაძემ.

მან, ასევე, გაიხსენა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე, სადაც ყოფილი პრეზიდენტია მსჯავრდებული.

“მსჯავრდებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრიც, მაშინდელი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამ საქმეზე სრულად არის დადგენილი ჭეშმარიტება“. – განაცხადა შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა კორტების სპეცოპერაციის საქმეც ისაუბრა, სადაც ასევე მხილებულ იქნა შსს-ს არაერთი მაღალჩინოსანი.

„დადგენილია, რომ რეალურად ეს სპეცოპერაცია დაიგეგმა ყოველგვარი ოპერატიული ინფორმაციის არარსებობის ფარგლებში, ყოველგვარი გამოძიების გარეშე და ამას საფუძვლად ედო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის პირადი მოტივები კონკრეტული მანქანაში მჯდომი ერთ-ერთ პირის მიმართ და ჩვენ ვნახეთ ეს სპეცოპერაცია, როდესაც 1000-მდე გასროლა განხორციელდა მანქანის მიმართ. ახალგაზრდების ლიკვიდაცია მოხდა ადგილზე“. – გაიხსენა შოთაძემ.

როგორც გენპროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელზეც დღესდღეობითაც მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, არის ბუტა რობაქიძის სისხლის სამართლის საქმე.

„ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ეს საქმე და მასზეც არაერთი მაშინდელი თანამდებობის პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ნაწილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენზე გრძელდება გამოძიება და დღესდღეობით ვხედავთ, რომ პასუხისგებაში მიცემულია ორი ყოფილი გენერალური პროკურორი“. – განაცხადა შოთაძემ.

მან არც „ესდეესის“ ე.წ. სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების საქმე დაივიწყა, რომელსაც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ე.წ. „პიჯაკების საქმე“ უწოდა.

„მე აქ გავაერთიანებ, ასევე, „ესდეესის“ ე.წ. სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების საქმეს, რომელზეც საუბარი იყო გარკვეულ შერჩევით მიდგომაზე. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ამ საქმეზეც პასუხისგებაშია მიცემული ყოფილი პრეზიდენტი. გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ შეარქვეს, თუმცა მე ამ სახელწოდებას ვერ დავეთანხმები – საუბარია 8 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებზე, რომელიც საიდუმლო ასიგნებების ფარგლებში გაიხარჯა“. – განაცხადა შოთაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმემიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები