დავით ზალკალიანი: გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მხარდამჭერია მრავალი მიმართულებით

“გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითზე საუბარი არაა.

„ძალიან ვაფასებ ორივე მინისტრთან ჩვენს ძალიან კარგ, მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს. ამის დასტურია ჩემი ბოლო შეხვედრები მათთან. ჩვენ სწორედ მათი იმედი გვაქვს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემს შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხებზე იყი საუბარი და მათი მხრიდან მე მაქვს პოზიტიური გამოხმაურება.” – განაცხადა ზალკალიანმა.

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის ძალიან კარგი და მხარდამჭერი წერილი, რომელშიც დადასტურებულია „საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, რა პროცესებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.”

რაც შეეხება წერილის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივა და წერილი უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები