“სიკეთის ტაქსი” ბათუმში – სინერგია, რომელიც მთელ ქალაქს მოიცავს (ვიდეო)

დღეიდან ბათუმში ნებისმიერ მსურველს ,,სიკეთის ტაქსი“ მოემსახურება და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე სასურველ ფასად მიიყვანს. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა კი როგორც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, ასევე შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.
პროექტის იდეის ავტორი ბათუმელი ლია მგელაძეა. ის მგზავრებს თავად მოემსახურება. ახალგაზრდა ქალი დიდი ხანია ქველმოქმედებას ეწევა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, შეუძლებელია სხვების დახმარების გარეშე პატარებს სიხარული მარტომ მიანიჭოს. სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი საქველმოქმედო პროექტი განეხორციელებინა. მომხმარებელი უკვე ჰყავს – ,,რეგიონული კვირა“ ერთ-ერთი პირველი იყო.
“ყველას ფიზიკურად ვერ გაწვდები ბევრს საცხოვრებელიც კი არ აქვs, არც საკვები, ძალიან ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ჭირდება მედიკამენტებით დახმარება და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ყველას გააერთიანებდა და მონაწილეობას მიაღებინებდა სიკეთის კეთებაში. მომსახურების ტარიფი განსაზღვრული არ იქნება, რადგან მომხმარებელმა შეძლოს ნებისმიერი თანხით ბავშვებს დაეხმაროს”,- ამბობს ლია.
ავტომობილის შეძენაში მეგობარი დაეხმარა. როგორც იდეის ავტორი გვიყვება, ამით მისმა მეგობარმა ქველმოქმედებისთვის უდიდესი საქმე გააკეთა. შექმნა “ფეისბუქ” გვერდიც და საკონტაქტო ნომერიც, რომელზე დაკავშირებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
“უკვე ბევრი ადამიანი დაინტერესდა, რაც ძალიან მახარებს. ავტომობილის დასტიკერებაშიც მეგობარი მეხმარება. სიკეთე გადამდებია, გავერთიანდებით, გავძლიერდებით, ბევრი ადამიანი დაინტერესდება და ვფიქრობ, რომ ბევრი ,,სიკეთის ტაქსი“ ივლის ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ დალხენილი ცხოვრება ბევრს არ აქვს, ქართველი ადამიანი ყოველთვის მზად არის სხვისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს და ყოველთვის გამოძებნის საშუალებას სხვას დაეხმაროს, სწორედ ამან გაგვაძლებინა და მოგვიყვანა აქამდე“, – ამბობს ლია მგელძე.
ლია  წლებია აჭარის რეგიონული საავტომობილო ფედერაციის ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. გარდა ამისა, ამზადებს ავეჯს, ბოლო პერიოდში სადურგლო საქმე მისი შემოსავლის წყაროდ აქცია. შეისწავლა ხის დამუშავების ტექნოლოგია, ასევე დაზგებზე მუშაობის უნარ-ჩვევებიც. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ფიქრობს, რომ ქველმოქმედებაშიც დიდ წვლილს შეიტანს და ამ დიდ საქმეში თანაქალაქელებიც შეუერთდებიან.


ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები