„უგულავას საქმის“ სხვა ფიგურანტებმა განაჩენის გამოცხადებამდე ქვეყანა დატოვეს
როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
უგულავას დაპატიმრების ფონზე მედიის ყურადღების მიღმა დარჩა ამავე საქმეზე სხვა ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი. არადა უზენაესმა სასამართლომ მითვისება-გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და ასევე პატიმრობა მიუსაჯა:
„თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი საბანაძეს – 4 წელი
მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს, ალექსი თაბუაშვილს – 3 წელი და 6 თვე
თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს, დავით ალავიძეს – 3 წელი და 6 თვე
ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს, დავით ავალიანს – 3 წელი და 6 თვე
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, გიგი უგულავას მსგავსად მოხდა თუ არა თბილისის მერიის ამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაც? აღმოჩნდა, რომ არცერთი მათგანი ამ დროისთვის ქვეყანაში არ იმყოფება. გიორგი საბანაძემ საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე დატოვა, ხოლო ალექსი თაბუაშვილმა, დავით ალავიძემ და დავით ავალიანმა მიმდინარე წლის 4-7 თებერვალს, ანუ უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე.
როგორც წესი, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის შემთხვევაში უზენაესი სასამართლო მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღს წინასწარ აცნობს. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ 10 თებერვალს განაჩენი გამოცხადდებოდა დაახლოებით ორი კვირით ადრე ცნობილი იყო, როგორც პროკურატურისთვის, ისე ბრალდებულებისთვის, რომელთაგან სამმა საზღვარი სწორედ ამ შეტყობინების შემდეგ, მოსალოდნელი დაპატიმრებისგან თავის არიდების მიზნით დატოვა.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე ბრალდებულმა სამმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა მართლაც განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, ერთმა – გიორგი საბანაძემ კი 2012 წელს. შსს-მ მათ მიმართ ძებნა გამოაცხადა.