„დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
„ეს არის კერძო საკუთრება. შენობა წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგონარეობაში, აბსოლუტურად უფუნქციო და ნაგვის ბუდედ ქცეული. კერძო მესაკუთრემ მიიღო დემონტაჟის გადაწყვეტილება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური როდესაც გასცემს დემონტაჟის ნებართვას, ყველა არქიტექტურულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ამ პროცესს თავისი წესები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება დემონტაჟის შესახებ, ეს ყველაფერი თანხმდებოდა წესების მიხედვით და საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად გავეცით ნებართვა.
ზოგადად შენობის ვიზუალი გემოვნების საკითხია, თუმცა არსებულ სივრცეში არანაირად არ ჯდებოდა. კერძო მესაკუთრემ კი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი პროექტი განხორციელდეს. დემონტაჟის შემდეგ, მესაკუთრე ახალ პროექტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში და ვიმსჯელებთ, თუ როგორ განვითარდება ეს ტერიტორია. ჯერ არანაირი წინადადება არყოფილა შემოტანილი. როგორც კი ეს მოხდება, ამას საზოგადოებაც გაიგებს. საკმაო მნიშვნელობის მქონე ადგილია და პროექტიც გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ, თბილისის მერის თქმით: „თქვენ ძალიან ხშირად აპელირებთ ამ თემაზე. მე მინდა თქვენ დაგისვათ შეკითხვა – რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული ამხელა მასშტაბის პროექტი მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი იდგა და უამრავი პრობლემა არსებობდა? რაღაც გაუაზრებელი პროექტისთვის 75 მილიონის დახარჯვა სწორი იყო? ეს იყო ხალხის ფული“.