არგენტინის ეროვნული ნაკრები ჩინეთში წყალდიდობით დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩინეთის გუანსი-ჟუანგის ავტონომიურ რეგიონს, რომელიც ტაიფუნისა და ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის.
გუნდის ოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის ნაკრების ატრიბუტიკა, ტანსაცმელი, პირსახოცები, ზურგჩანთები და სხვა აუცილებელი ნივთები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ინიციატივით ნაკრები ჩინელ გულშემატკივრებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს.
„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინელი გულშემატკივრებისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენით, რაც არგენტინის ნაკრებისთვის უდიდესი სტიმულია. ახლა გვსურს, მათ ეს მხარდაჭერა გადავუხადოთ“,- ნათქვამია გუნდის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუანსი-ჟუანგის ავტონომიურ რეგიონში ტაიფუნის შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობებმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით კი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. რეგიონში სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.