გოგა ხაინდრავა: კონგრესმენები ისეთ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით, რომ სულ მინდა რაღაცნაირად დავამშვიდო ისინი, რომ ეგრე არაა

კონგრესმენები ისეთ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით, რომ სულ მინდა რაღაცნაირად დავამშვიდო ისინი, რომ ეგრე არაა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა საქართველოს მთავრობის მისამართით რამდენიმე კონგრესმენისა და სენატორის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ კრიტიკულ წერილებს გამოეხმაურა.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, ოპოზიციურმა გაერთიანებამ დიდი რესურსი დახარჯა იმისათვის, რომ აშშ-ში ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეელახა.
„ის ნეგატივი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ გარკვეული სენატორებისა და კონგრესმენებისგან, არის დიდი ღვაწლი ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრებისა, რომლებმაც ძალიან იშრომეს იმისთვის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის იმიჯი დაცემულიყო. კონგრესმენები ისეთ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით, რომ სულ მინდა რაღაცნაირად დავამშვიდო ისინი.

სენატორების და კონგრესმენების გარკვეული ნაწილი დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდა წინა რეჟიმს, ამ ფონზე დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში ძალიან სერიოზულად ეჩვენებათ. მინდა დავამშვიდო, რომ ეგრე არაა. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან სულ უკანასკნელ მოვლენას, რომელიც ეხება გიგი უგულავას ზარ-ზეიმით, ზურნა-დუდუკით, შვილების, მეგობრების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების თანხლებით გაცილებას საპატიმრობაში. იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთავენ, მინდა, გავახსენო, რომ ზუსტად ასეთი პროცესი უგულავა – სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვაებით და გოდებით ხდებოდა. იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც აცილებდნენ თავის ოჯახის წევრებს, შვილებს, მამებს, ბიძებს საპატიმროებში, არ იცოდნენ, დაბრუნდებოდნენ, თუ არა ისინი იქიდან და თუ დაბრუნდებოდნენ, რა მდგომარეობაში, ფეხით, თუ ინვალიდის ეტლში, თუ რანაირად. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საელჩოები სათანადოდ მიაწვდიან ინფორმაციას თავის პოლიტიკურ ელიტას ამ სხვაობასთან დაკავშირებით, რომ ეს შფოთვა ცოტა დაწყნარდეს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თმით, კონგრესმენების გზავნილები ლობიზმის შედეგია და კონგრესმენები შეცდომაში შეყავთ.

„დიდი ძალისხმევა, ფინანსები, ლობიზმი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ეს განხორციელებულიყო ამერიკაში. ამაზე დიდი ფული დაიხარჯა. ამან დიდი ნეგატივი შეუქმნა ამ ქვეყანას, ჩვენს მომავალს. ვერ წარმოვიდგენ, რომ რომელიმე ამერიკელი კონგრესმენი უფრო კარგად ერკვეოდეს იმაში, რა ხდება საქართველოში, ვიდრე ჩვენ. მათი გზავნილები ხშირ შემთხვვეაში როგორც მინიმუმ, ძალიან საწყენია, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ისინი არ იცნობენ საქართველოს კარგად, არ იციან რა ხდება აქ და ის ინფორმაცია, რაც აქვთ, არ არის სიმართლეზე დაფუძნებული. იმედი მაქვს, ქალბატონი კელი დეგნანი, აშშ -ს ახალი ელჩი, ძალიან დიდი გამოდილების მქონე და დიდი პროფესიონალიზმის პატრონი, კარგად გაერვევა იმაში, თუ რა ხდება საქართველოში. ამის მჯერა. იმიტომ, რომ ამერიკა საქართველოს უმნიშვენლოვანესი პარტნიორია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები