რატი იონათამიშვილი: ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, თუმცა საქმე 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.
“ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას. ჩვენ ვნახეთ ჩვენი ცალკეული ამერიკელი კოლეგების განცხადებები, რომელიც სუბიექტურად მიწოდებული ინფორმაციის ხარჯზე გაკეთდა. ისიც კარგად ვნახეთ, თუ როგორ შეიცვალა ინფორმაციის ობიექტურად მიწოდების შემდეგ მათი განცხადებები. აქაც მსგავს საკითხებთან გვაქვს საქმე და უფრო აქტიური თანამშრომლობით მივიღებთ ობიექტურ და პოზიტიურ შეფასებებს,” – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.