ზაურ დარაბზადე – “ყველაფერი ამომრჩევლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”
აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები აქტიურ ფაზაშია. დღის ბოლოს ეგზიტპოლების შედეგებს სამი დამოუკიდებელი ჯგუფი გამოაქვეყნებს. როგორც ამბობენ და როგორც წესი, ის ძირითად შედეგებს ემთხვევა. წლევანდელი არჩევნები გასული წლებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ამჟამად „მილი მეჯლისში“ სავარძლების დაკავებას გაცილებით მეტი ახალგაზრდა ცდილობს. ბაქოში აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანო “გაახალგაზრდავდება”, “ახალი სისხლი” კი მას აუცილებლად სჭირდება.
„კვირამ“ აზერბაიჯანში ერთ-ერთი ასეთი ახალი სახე და კანდიდატი ჩაწერა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესში სოცმედიაში, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო და მისი საარჩევნო კამპანიაც ნოვატორული ხედვით და პროგრამით გამოირჩევა. 34 წლის ზაურ დარაბზადე დამოუკიდებელი კანდიადტია. კენჭს ნასიმ-საბილიდან, 23-ე საარჩევნო ოლქში იყრის. სჯერა, რომ არჩევნებში საკმარის ხმებს დააგროვებს და დეპუტატის მანდატს მიიღებს. ინტერვიუში მან საარჩევნო გარემო შეაფასა და საკუთარი პროგრამაც გაგვაცნო.
– როგორ აფასებთ არჩევნებს და რა მოლოდინები გაქვთ…რამდენად ფიქრობთ, რომ საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს?
– ამ ეტაპზე, ადრეა არჩევნების შეფასება, ჩვენ შევეცადეთ ინფორმაცია მიგვეღო სხვადასხვა ჯგუფიდან, რომელიც ეგზიტპოლებზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით მათ კონკრეტული ციფრები არ აქვთ. იმის გამო, რომ დღეს აზერბაიჯანში საკმაოდ ცივა, შედარებით დაბალი აქტივობაა. იმედი მაქვს, უამინდობა ხელს არ შეუშლის ამომრჩევლებს მივიდნენ უბნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. დღეს დილიდან ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანში ვიყავით, კომისიის წევრებთან გვქონდა გარკვეული კითხვებიც, თუმცა პასუხებიც მივიღეთ… ამ დროისთვის სერიოზული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ყველა უბანში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს. გვაქვს ასევე შესაძლებლობა, უბნებს სათვალთვალო კამერების მეშვეობით დავაკვირდეთ. პროცესი საბოლოო ჯამში გამჭვირვალეა.
– რამდენად გაქვთ შანსი და როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პერიოდს? კონკურენცია მაღალია და ბევრი იყო დამოკიდებული იმ პერიოდზე, როდესაც თქვენ ამომრჩევლებისთვის საკუთარი შესაძლებლობები, ხედვა და პროგრამა უნდა გაგეცნოთ. რამდენად მოგეცათ ამის შესაძლებლობა?
– ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შანსები მაქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ ყველა კანდიდატს შორის, ვინც ახლა ცდილობს დეპუტატის მანდატი მოიპოვოს, მე ყველაზე კარგი საარჩევნო კამპანია ჩავატარე. ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები გაერთიანდნენ, რომლებიც უანგაროდ, კეთილი ნებით მეხმარებიან. ჩვენ მართლაც განსხვავებული და ძლიერი კამპანია წარვმართეთ სოციალურ ქსელებში, ინტენსიურად ვხვდებიდით ამომრჩეველს, სააგიტაციო მასალა განვათავსეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, პლაკატებისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეებში. ვთვლი, რომ ეს პროცესი სუფთად გავიარეთ, არ გვიცდია ამომრჩევლის მოტყუება, მისი მოქრთამვა… ერთადერთი, რაც წელს ვერც დამოუკიდებელმა კანდიადტებმა და ვერც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ვერ შევძელით, საარჩევნო პერიოდში სატელევიზიო რეკლამით სარგებლობა იყო. როდესაც, ვთქვათ, საზოგადოებრივ არხს მივმართეთ, საეთერო დროის გამოყოფისთვის იმდენად მაღალი ფასი დაგვისახელეს, მივხვდით, ვერ გავწვდებოდით. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ალბათ, უფრო ეფექტურიც იყო, კამპანიის დროს სოცმედიის ინსტრუმენტებით გვესარგებლა, თანაც დღეს დიჯითალ მარკეტინგი საკმაოდ მაღალ დონეზეა და სოცმედია დიდ შესაძლებლობებს იძლევა.
სხვათა შორის, აზერბაიჯანში მე პირველი და ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც საარჩევნო პროცესში, ყველა ვიდეორგოლში ყრუ-მუნჯებისთვის ჟესტების ენა გამოიყენა. ჩემი პროგრამის დიდი ნაწილი შშმ პირების პრობლემების მოგვარებას ეხება – მათ აუცილებლად სჭირდებათ უფრო მოქნილი, ადაპტირებული გარემო, მნიშვნელოვანია, რომ მათი უფლებები სახელმწიფოს დონეზე დაცული იყოს.
– მაინც, რითი განსხვავდება თქვენი საარჩევნო პროგრამა სხვა კანდიდატების პროგრამებისგან?
– მთავარი გამოწვევა რაც დღეს ჩემი ხედვით არსებობს, არის ის, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს არჩევნებში, ამ კუთხით, ახალი თაობა შედარებით პასიურია. მათ დღეს არავინ აიძულებს, მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, ამის სურვილი თავად უნდა გაუჩნდეთ. ჩემი საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილიც სწორედ ახალგაზრდა თაობის პრობლემებს ეხება. სახელმწიფოს მხრიდან მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ახალგაზრდა მეწარმეებისთვის აუცილებლად უნდა შემცირდეს გადასახადები, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მათთვის ბიზნეს სესხების გაცემის პროცესი გაამარტივოს, შეუმცირდეთ საპროცენტო განაკვეთი. მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია მეტად მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა, მათთვის სპეციალიზებული ბანაკების მშენებლობა, უცხოეთში სწავლის დაფინანსება და დასაქმება, ასევე საჯარო სკოლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამების წახალისება, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის სპეციალური პროექტების განხორციელება და სხვა. რა თქმა უნდა, ჩემი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას უფროსი თაობისთვისაც, კონკრეტულ გამოსავლებს სოციალური მიმართულების პრობლემების გადასაჭრელად.
– მოგვიყევით თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ
– წარმოშობით ბაქოდან ვარ. იმ რაიონში გავიზარდე, სადაც ახლა კენჭს ვიყრი. მუშაობა ადრეული ასაკიდან, ნულიდან დავიწყე. სულ პატარაობაში გაზეთებსა და ვიდეოკასეტებსაც კი ვყიდდი ქუჩაში. სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი პირველ ინტერნეტ რადიოსადგურ Day.Az-ში, მოგვიანებით ვიყავი Day.Az Media-ს დირექტორის მოადგილეც. 2012 წელს, Baku Crystall Hall-ის სოლო კონცერტების მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე გადავედი. სწორედ ჩემი ორგანიზებით ბაქოში ვუმასპინძლეთ ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან – ჯენიფერ ლოპესი, რიანა, შაკირა და სხვა.
ამის შემდეგ ჩემი კარიერა ტრანსპორტის სამინისტროში დაზვერვის განყოფილებაში, კოორდიანტორის პოზიციაზე გაგრძელდა. 2015 წელს, კი CinemaPlus- ის გენერალურ დირექტორად დავინიშნე. ამ თანამდებობაზე დღემდე ვმუშაობ. ამ სფეროში მუშაობის პერიოდში ჩემი თაოსნობით აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში არაერთი კინოთეატრი გაიხსნა. ჩემი კარიერის მანძილზე უამრავი სასიკეთო პროექტი მაქვს გაკეთებული, რითიც ვამაყობ. არჩევნებში წელს პირველად ვმონაწილეობ. ვფიქრობ, ის ჩემი წარმატებით დასრულდება, თუმცა ბრძოლას ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მარცხის შემთხვევაშიც გავაგრძელებ.