ნოდარ მელაშვილი ეუთო-ოდირის დასკვნაზე: ვფიქრობ, ოპოზიციას ამ პროექტზე სხვა შეფასების მოლოდინი ჰქონდა, რომელიც არ გამართლდა
კონსტიტუციონალისტი ნოდარ მელაშვილი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნას აფასებს.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, დასკვნაში რამდენიმე ძირითადი საკითხია ხაზგასმული.
მისივე თქმით, მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები მიზანშეწონილი არ არის.
“პირველ რიგში რისთვისაც იყო შედგენილი და გაგზავნილი ეს კანონპროექტი იმ კითხვას პასუხი გაეცა. ცალსახად დაადგინა ოდირმა, კონსტიტუციურობის საკითხი გადასაწყვეტია ქვეყნის შიგნით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის კონსტიტუციურობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასამართლო და ამ შემთხვევაში იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლო.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ხაზგასმულია ეს ეხება საარჩევნო სისტემებს. დასკვნაში ოდირის შეფასებით ნათქვამია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემა ეს იქნება – შერეული, პროპორციული, მაჟორიტარული თუ ჰიბრიდული, ნებისმიერი მათგანი სამართლიანია და ნებისმიერი სისტემის მიღება მხოლოდ ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა კითხვის ნიშნებს არ იწვევს.
მესამე საკითხია, რომ ცალსახად რეკომენდაციაა გაცემული, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები მიზანშეწონილი არ არის.
მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ამ პროექტზე სხვა შეფასების მოლოდინი ჰქონდა, რომელიც არ გამართლდა”, – განაცხადა ნოდარ მელაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.