მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ალტერნატიული სათბობი საშუალებების მოძიების მიზანი, ქვეყანაში ტყის მასივებზე ზეწოლის შემცირებაა, რაც ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგს წარმოადგენს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას ბიომასის გადამუშავების შედეგად მიღებული ალტერნატიული სათბობი რესურსის – ბრიკეტების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისითაც.
ლევან დავითაშვილის თქმით, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის ბრიკეტებზე ხელმისაწვდომობა, საქმიანი ეზოების საშუალებით, უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე – იური ნოზაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი – არჩილ ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – დავით თვალაბეიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ეკატერინე დგებუაძე და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი – მიხეილ შალამბერიძე ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.