თეა წულუკიანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: სამარცხვინოა, რომ ოპოზიციამ ვერ გაიგო სად უნდა გააგზავნოს კანონპროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, დასკვნაში არ წერია, რომ “გერმანული მოდელი” ქართულ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. მისივე განმარტებით, ოდირი არ ამოწმებს პროექტის კონსტიტუციურობას და ეს აღნიშნულია მათ დასკვნაშიც.
მინისტრის შეფასებით, ოპოზიციამ თავისი “უცოდინრობით” სახალხო დამცველიც უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა.
“დასკვნაში, არსად არ წერია, რომ გერმანული მოდელი შესაბამისობაშია ქართულ კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია მე ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს მოვუწოდებ, რომ ეს “ქოფი-ფეისთით” აიღონ და გვაჩვენონ. დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემს მიერ ნათქვამი. როდესაც ბოკერია თითს აქნევდა და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამ მოდელს ქვა ქვაზე არ დარჩება, ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტსო. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს პროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც მან დაიწყო ქირქილი და ახლა, დღეს ამას ამბობს უკვე თავად ოდირიც, რაც სამარცხვინოა. ისიც ვერ გაიგო ოპოზიციამ სად უნდა გააგზავნოს კანონპროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად.
ოდირს მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვენერული სახელმწიფოა. ის ასევე ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა.
ამით ოპოზიციამ საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რომელსაც გააგზავნინა ოდირში თავისი პროექტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ან ხელისუფლების შეთავაზებულ მოდელს უნდა დათანხმდეს, ან წინასაარჩევნო მზადება არსებული სისტემით უნდა გაგრძელდეს.
“ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული წინადადებაა, რომ შემუშავდეს 100/50-ის მოდელი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მათ ან დაეთანხმონ ამას, ან ყველამ ერთად დავიწყოთ არსებული მოდელის ფარგლებში, საარჩევნო მზადება”,-აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისათვის, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.