ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემის შერჩევა და არჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა
საარჩევნო სისტემის შერჩევა და არჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროპელი პარტნიორების მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს.
“საარჩევნო სისტემის შერჩევა და არჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, ეს არის მათ შორის, იმ პოლიტიკური ძალების უფლება, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრობენ, ეს არის მთავარი არგუმენტი. არსებითია, ის, თუ რამდენად მისაღებია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალისთვის ის სისტემა, რომელიც ყალიბდება კონსტიტუციის დონეზე და თუ რომელი იქნება ეს სისტემა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც გაიზიარეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა და ამ არგუმენტზე დაყრდნობით იქნა ამოღებული სიტყვა პროპორციული რეზოლუციის ტექსტიდან. რეზოლუციაში, რომელიც წარადგინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა, როჯერ გეილმა განიხილებოდა მონიტორინგის საკითხი, შეფასებული იყო საქართველოში არსებული ვითარება, საუბარი იყო ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, საარჩევნო სისტემაზე და პირვანდელ ვარიანტში, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ პროპორციულ სისტემაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური ძალები, თუმცა, ქართულმა დელეგაციამ წარადგინა ინიციატივა, სიტყვა პროპორციული ამოღებული იქნა ტექსტიდან და საბოლოო ჯამში დარჩა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს არის ევროპელი პარტნიორების მოწოდება, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა, გაგრძელდება უახლოეს დღეებში კონსულტაციები და დიდი იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული მიდგომის პირობებში შეთანხმებას მივაღწევთ”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.