შალვა კერესელიძემ გუდაური-კობის მონაკვეთზე გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, უკვე ორი დღეა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აკრძალულია.
ადგილზე არსებულ სიტუაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ზაქრო ხეხელაშვილთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგზავრებს ცხელი საკვები მიუტანეს და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გზაზე გაჩერებული მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე დაიწყება, რის შემდეგაც ავტომანქანები გზის გაგრძელებას შეძლებენ.
ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა.