სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერი პატიმრობაში დატოვა 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერი, სვიმონ (გიგა) ქავთარაძე, პატიმრობაში დატოვა.

აღნიშული გადაწყვეტილება მოსამართლემ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულების, ბერ სვიმონ (გიგა) ქავთარაძისა და რომან მალანიას, დღეს გამართულ წინასასამართლო პროცესზე მიიღო. სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები გაცვალეს, რომელიც სასამართლომ დასაშვებად ცნო.

პროკურორ მარიამ ქორიძის განაცხადებით, სავარაუდო მიმალვისა და შემდგომი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ ძალაშია, შესაბამისად, მან ბერის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. მოსამართლემ პროკურორ ქორიძის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

დაცვის მხარე, პროკურორის მოსაზრებას არ დაეთანხმა. ნარკოდანაშაულში ორივე ბრალდებულის უფლებადამცველის ინტერესებს ადვოკატი ჯიტა გულუა იცავს, მისივე განცხადებით, ბრალდებული ბერი ინანიებს დანაშაულს და პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა 10 000 ლარიანი გირაოს უზრუნველყოფით. ჯიტა გულუამ დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს განუცხადა, რომ ის აპირებს, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთან დაკავშირებით, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების წინადადებით მიმართოს, თუმცა როდის ეს, ჯერჯერობით უცნობია.

დაცვის მხარემ, მოსამართლეს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა, რომ მეორე ბრალდებულის, რომან მალანიას მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. მოსამართლემ ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმის არსებითი განხილვა 6 თებერვალს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი სვიმონ (გიგა) ქავთარაძე 5 დეკემბერს დააკავეს, გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. შსს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები