სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის მომოიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ჩინეთის პროვინციას შორის დამეგობრების საკითხი.

ვერავას თქმით,
საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი თანამშრომლობა. აღნიშნულ კონტექსტში, რეგიონების ჭრილში ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე გადავდგით საწყისი ნაბიჯები. ჩვენს რეგიონსა და ჩინეთის პროვინციებს შორის თანამშრომლობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: ეკონომიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, ტურიზმის, ტექნოლოგიების და განათლებისა პროგრამების გაძლიერება. ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით”, – აღნიშნა დავით ვერავამ.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე შეეხო ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და მიმოიხილა რეგიონის პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტურიზმის საკითხზე, დავით ვერავას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის, ჩინეთში ბოლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ჩინელი ტურისტების ზრდას – რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური განვითარებისთვის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულთან და ელჩთან ერთად ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ელჩის პირველი მდივანი (განათლებასა და კულტურის სფეროებზე პასუხისმგებელი პირი) ჩენ ჭიიუ და ატაშე ხე ფენგიუ ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩინეთის ელჩს, ზუგდიდის ღირსშესანიშნაობების ნაწილი დაათვალიერებინეს.
ელჩის ვიზიტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება, ჭოუ ციენი მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები